მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეტყვასაწინააღმდეგო ბადეების მოწყობაზე სახელმწიფო დაფინანსება, შესაძლოა, გაიზარდოს - სოფლის განვითარების სააგენტო

სეტყვის ბადე

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა “დანერგე მომავლის” ფარგლებში, 2023 წელს, ჯამურად, 65,35 ჰექტარ ფართობზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების ხელშეკრულება 5 ბენეფიციარს გაუფორმდა. სეტყვასაწინააღმდეგო ბადეებით ბაღებისა და ვენახების აღჭურვისთვის ჯამური ინვესტიცია 4,3 მლნ-ი ლარი იყო, საიდანაც 446 160 (~10%) ლარი სააგენტოს კონტრიბუციაა.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, დავით წითლიძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აცხადებს, შესაძლოა, მომავალ წელს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობაზე თანადაფინანსება გაიზარდოს.

“სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დაფინანსებაზე ძალიან დიდი დისკუსიაა ამ ბოლო დროს, კახეთში მომხდარი სტიქიიდან გამომდინარე. ვმუშაობთ ამ თემაზე და გვაქვს შეხვედრები მწარმოებლებთანაც. იცით, რომ საქართველოში გვყავს ბადეების მწარმოებელი კომპანიებიც, ასევე არის იმპორტიც, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენი დაფინანსება 10-20%-ია და შესაძლებელია, გარკვეული კორექტივები იყოს ინიციირებული ამ ნაწილში”, - ამბობს დავით წითლიძე.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების განსხვავებული, შედარებით ხელმისაწვდომი, მოდელების ინსტალაციაზე.

“გამოწვევა ისაა, რომ სეტყვასაწინააღმდეგო ბადე ყველგან, ყველა კულტურაში, ვერ გამოიყენება. მაღალ ხეებზე, ნუშზე, კაკალზე… არის გარკვეული კულტურები, სადაც გამოიყენება, მაგალითად ვენახებში, მაგრამ ღირებულების საკითხია - ჰექტარზე 60 000 ლარზე და მეტზეა საუბარი.

ჩვენ 65 ჰექტარი გვაქვს დაფინანსებული, სადაც სახელმწიფო კონტრიბუცია 0.5 მლნ-ია სულ, ისიც 10%-იანი თანადაფინანსებით - საკმაოდ ძვირად ღირებული ინვესტიციაა. არსებობს განსხვავებული მოდელები, რომლებიც ვენახებში უკვე არსებულ ბოძებს გვერდიდან ემაგრება, ჯერჯერობით სადავოა მათი ეფექტურობა, თუმცა ჰექტარზე 15 ათასამდე ჯდება. ამ საკითხზეც ვმუშაობთ და მომავალი წლისთვის სიახლე გვექნება”, - ამბობს დავით წითლიძე.

სააგენტოს მიერ “დანერგე მომავალი” პროექტის დაწყების შემდეგ 22,3 ათას ჰექტარზე 4 876 ბაღი, სანერგე, სეტყვის საწინააღმდეგო, წვეთოვანი სარწყავი სისტემები და ჭაბურღილები მოეწყო. პროექტის საერთო ინვესტიცია 323,7 მლნ-ი ლარია, საიდანაც 164,5 მლნ-ი სააგენტოს თანადაფინანსებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები