8 ივლისიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,4%-ით ზრდას.
„დეფიციტი შემცირდება 7, 6%-დან 6, 9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54,6%-მდე ანუ 5,4% -ით. ასიგნებები იზრდება 1 მლრდ 114 მლნ ლარით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე.




























