მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 სახელმწიფო, იტალიის მეთაურობით, შეეწინააღმდეგა უვიზოს შეჩერებას, რადგან ის მოსახლეობას დააზარალებს - იოზვიაკი

ევროკავშირი

ევროკავშირის წევრი რვა ქვეყანა იტალიის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მოსახლეობას დაარტყამს. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) მიერ მომზადებულ სტატიაში "ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად ლაპარაკობს, თუმცა რბილად იქცევა" წერია. სტატია ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ეხება, სადაც საქართველოს მიმართ გასატარებელ ზომებზეც იყო საუბარი.

15 ივლისს გამართულ სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, თუმცა "ქართული ოცნების" მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ უვიზო რეჟიმი, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს პრივილეგიაა და ის შეიძლება შეჩერდეს, თუ აგვისტოს ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშში გაწერილი პირობები არ შესრულდება.

მანამდე ბრიუსელში სანქციების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს, ევროკომისიის ბოლო შეთავაზება ორ ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იყო. თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეხვედრამდე თქვეს, რომ სანქციებს მხარს არ დაუჭერდნენ.

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს, რომ დაახლოებით რვა წევრმა სახელმწიფომ იტალიის მეთაურობით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და ამიტომ არაპროპორციული ზომაა.

"კალასმა მოუწოდა ქვეყნებს, მზად იყვნენ რეაგირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ თბილისი არ დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში შემოთავაზებული უვიზო მიმოსვლის რვა კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმები მოიცავს საკამათო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას და ასევე საკამათო კანონმდებლობის პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ", - წერია სტატიაში.

რეკომენდაციების შესრულებაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის ქართულ ოცნებას" აგვისტოს ბოლო კი აქვს განსაზღვრული, თუმცა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციაზე ანგარიშს წლის ბოლოსთვის მოამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები