მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 თვეში $75 მილიონის ხორბალი და ფქვილი ვიყიდეთ - ვინ არიან TOP იმპორტიორები?

ფქვილი

წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ფქვილის - შემცირდა. ჯამურად ქვეყანამ 75 მლნ დოლარამდე ღირებულების ხორბალი და ფქვილი იყიდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 8 თვეში ხორბლისა და მესლინის იმპორტმა 68 მლნ დოლარი (267 148 ტონა) შეადგინა, რაც წლის ჭრილში 60%-ით აღემატება იმპორტის ღირებულებას, ხოლო მოცულობა 48%-ით არის გაზრდილი, რაც თავის მხრივ იმპორტის გაძვირებაზე მეტყველებს. საგულისხმოა, რომ სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 1,5-ჯერ გაზარდა.

ქვეყნისთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი ტრადიციულად რუსეთია. 8 თვეში რუსეთიდან 50 მლნ დოლარის 191 128.8 ტონა ხორბალია იმპორტირებული. კიდევ ერთი მომწოდებელი ყაზახეთია, რომელიც ჭარბი მოსავლის ფონზე, ხორბლის ექსპორტს ასუბსიდირებს. ყაზახური ხორბლის იმპორტმა 18.1 მლნ დოლარის 76 004.3 ტონა შეადგინა.

BMG-მ საქსტატიდან იანვარ-აგვისტოში ხორბლის TOP 5 იმპორტიორი კომპანიის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. ჩამონათვალი ასეთია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • შპს აგროსისტემები
  • შპს ბარაქა ჯგუფი
  • შპს ბევრილი ჯგუფი
  • შპს გურია-ექსპრესი
  • შპს კარმენ

რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, წელს ღირებულებით გამოსახულებაში 45%-ით, მოცულობაში კი 60%-ით შემცირდა. 8 თვეში 6.8 მლნ დოლარის 19 630.6 ტონა პროდუქტი შემოვიდა ქვეყანაში.

მთავარი მომწოდებელი ამ შემთხვევაშიც რუსეთია. იმპორტმა 5.3 მლნ დოლარის 17 350 ტონა შეადგინა. მას მოსდევს თურქეთი - $849.4 ათასი/1 508.4 ტონა. ამასთან, იტალიიდან 379.4 ტონა, ხოლო აზერბაიჯანიდან კი 143.9 ტონა ფქვილი შემოვიდა.

BMG-მ საქსტატიდან იანვარ-აგვისტოში ფქვილის TOP 5 იმპორტიორი კომპანიის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. ჩამონათვალი ასეთია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • შპს ელათა
  • შპს ინთერნეშენალ ბეიკერ ჰაუს
  • შპს მაგნუმ ტრეიდინგ
  • შპს მზიური
  • შპს ორი ნაბიჯი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები