მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 1,5-ჯერ გაზარდა

რუსეთი

რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 24 სექტემბრიდან 1 ტონაზე 655.6 რუბლამდე გაიზარდა. წინა პერიოდში ბაჟი 495.9 რუბლი იყო. ამგვარად, ბაჟი თითქმის 1.5-ჯერ გაიზარდა.ამის შესახებ რუსული მედია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

რაც შეეხება ქერს, მასზე ექსპორტის გადასახადი ნულოვანია, სიმინდზე კი 1.9-ჯერ გაიზარდა და 743.1 რუბლი შეადგინა.

საექსპორტო ტარიფები საორიენტაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც ხორბალზე 1 ტონაზე $226, ქერზე - $207.9, ხოლო სიმინდზე $226 იყო.

რუსეთმა ხორბლის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე მცურავი გადასახადი 2021 წლის 2 ივნისიდან დააწესა. ამ გადასახადით მიღებულ შემოსავალს კი აგროსურსათის მწარმოებლების სუბსიდირებაზე მიმართავს. ბაჟის მოცულობა ყოველკვირეულად ითვლება, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებული საექსპორტო კონტრაქტების ფასებიდან ითვლება. თავდაპირველად გადასახადი დოლარში იყო, 2022 წლის ივლისიდან კი რუბლებში ითვლება. გადასახადი საბაზო და საორიენტაციო ფასის სხვაობის 70%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის რუსეთი ხორბლის მთავარი მომწოდებელია. წელს, 8 თვეში ქვეყანამ ჯამში 68 მლნ დოლარის ღირებულების 267 148 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 58.9%-ით, მოცულობა კი 47.9%-ით გაიზარდა. აქედან 49 მილიონ 963 ათასი დოლარის ღირებულების 191 128 ტონა ხორბალი რუსეთზე მოდის.

ამასთან, საქართველომ, წელს 18 მილიონი დოლარის ღირებულების 76 004 ტონა ხორბალი ყაზახეთიდანაც შეიძინა, მცირე მოცულობით 17 ათასი დოლარის 14 ტონა კი ავსტრიიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები