2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 მილიარდ 173 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.5%-ით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი ექსპორტის ოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 43.7%-ს შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 825 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-აგვისტოს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.8% შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (376.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (287.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (181.7 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება ქვეყანაში ნაწარმოები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალს, რომელიც ამ პერიოდში ექსპორტზე გავიდა, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები 219.3 მლნ დოლარით არის წარმოდგენილი. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 195.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 147.9 მლნ. აშშ დოლარით.