ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2023 წლის 8 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 20.1 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა. ბაქო–სუფსას ნავთობსადენი მიმდინარე წელს მხოლოდ თებერვალში იყო ფუნქციური და 100 ათასი ტონა ნავთობი იქნა გადაზიდული. მილსადენის ოპერატორ BP-ში აცხადებენ, რომ ის მხოლოდ კონტრაქტების არსებობის პირობებში იმუშავებს. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით გატარებული ნავთობის მოცულობა 100 ათასი ტონით შემცირდა.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 19 მლნ ტონა ნავთობია გადაზიდული, ანუ 5%-ით მეტი 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო ბაქო–სუფსას მილსადენით გადაზიდულია 0.971 მლნ ტონა ნავთობი.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი საერთაშორისო მნიშვნელობის მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
მისი სიგრძე 1 768 კმ-ია, მათ შორის აზერბაიჯანში გადის 443 კმ, საქართველოში – 249 კმ, თურქეთში კი 1 076 კმ. მილსადენი სათავეს იღებს სანგაჩალის ტერმინალიდან, რომელიც მდებარეობს ბაქოში, გადის საქართველოს ტერიტორიაზე და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან, თურქეთში. საქართველოს მონაკვეთის ნავთობსადენის მართვაზე პასუხისმგებელი, საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს გატარებული ნავთობის მოცულობის შესახებ სტატისტიკას.