დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 8 თვე გაყიდვების მიმართულებით ზრდით დაასრულეს. სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წლის მეორე ნახევარში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გააქტიურდა.
როგორც BMG-ის კომპანია „არქიში“ განუცხადეს, მათ შემთხვევაში მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ბინების ტრანზაქციები 31%-ითაა გაზრდილი. კომპანიის გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, მათ შორის ისრაელიდან.
“ბაზრის ჭრილში წლის პირველი ოთხი-ხუთი თვე შედარებით ნაკლები ზრდა იყო. თუმცა “არქის” შემთხვევაში ჩვენ ეს წელი საკმაოდ სოლიდური ზრდით დაიწყო. უძრავი ქონების ბაზარი მაისიდან უფრო გაჯანსაღდა და როდესაც უკვე დღეს ბაზარზე მთლიანად რვა თვის ჭრილში ზრდა შეინიშნება, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გაყიდვები კიდევ უფრო გააქტიურდა. წელს 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბინების გაყიდვებში 31%-იანი ზრდა გვაქვს.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა ბაზარზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ასევე არარეზიდენტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან. საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია ისრაელიდან. დღეს მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურია”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.




























