თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა გაიზარდა.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, დედაქალაქში წელს 7 თვეში რეალიზებული უძრავი ქონებიდან 25% უცხოელებმა იყიდეს. 2024 წლის ჯამურ გაყიდვებში კი არარეზიდენტების წილი 21 % იყო.
7 თვის მონაცემებით, არარეზიდენტებიდან ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი - 12% ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა.
როგორც BMG-ის „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა განუცხადა, მათ შემთხვევაშიც არარეზიდენტების, მათ შორის ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა მზარდია. მისი თქმით, „არქის“ მთლიან გაყიდვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 20%-ის ფარგლებშია.
“დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მზარდია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისგან, ასევე არარეზიდენტი, უცხო ქვეყნის მცხოვრებლებისგან. მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია ისრაელის მოქალაქეებისგან. ჩვენს მთლიან გაყიდვებში ისრაელის, პოლონეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დაახლოებით 20-23% უჭირავს, აქედან დიდი წილი ისრაელის მოქალაქეებზე მოდის.
უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ფასის ჭრილში სტაბილურად იზრდება და ასევე სტაბილური შემოსავალია. სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი შემოსავალია, იქნება ეს ქირის მხრივ, თუ ყიდვის და მომავალში გაყიდვის პერსპექტივით”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.
ცნობისთვის, წელს 7 თვეში თბილისში სულ 22 778 ბინა გაიყიდა, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებზე გაყიდვების 75% მოდის. უცხოელებიდან ყველაზე მეტი ბინა ისრაელის (12%) და რუსეთის მოქალაქეებმა (2%) იყიდეს, გაყიდვების 11% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.




























