წლის პირველ 8 თვის განმავლობაში საქართველოში ნახშირბადიანი ფოლადის წნელების, იგივე არმატურის შემოტანა შემცირდა.
საქსტატის 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 100 მილიონ 322 ათასი დოლარის ღირებულების 178 596 ტონა არმატურა შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება $112 მლნ, მოცულობა კი 193.9 ათას ტონამდე იყო. ანუ იმპორტი მცირედით - 10.4%-ით შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-ივლისში არმატურის იმპორტი წლიურ ჭრილში გაზრდილი იყო, თუმცა 8 თვეში ჯამურად შემცირებულია, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში შესყიდვების შემცირებით და გასულ წელს აგვისტოში იმპორტი დიდი მაჩვენებლით არის განპირობებული.
არმატურის მთავარი მომწოდებელი წელს თურქეთია, მაშინ როდესაც გასულ წელს საიმპორტო გადასახადის დაწესებამდე საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ირანი იკავებდა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს არმატურის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში თურქეთის დაწინაურება ამ ქვეყნიდან გადმოზიდვების გააქტიურებამ და ამავე დროს რუსეთიდან და ირანიდან იმპორტის შემცირებამ განაპირობა.
საქართველოში ეს საქონელი ძირითადად 5 ქვეყნიდან შემოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
1. თურქეთი - $67.7 მლნ, 115 848 ტონა;
2. რუსეთი - $19.2 მლნ, 37 580 ტონა;
3. ირანი - $11.1 მლნ, 21 163 ტონა;
4. აზერბაიჯანი - $2.2 მლნ, 4 002 ტონა;
5. ავსტრია - $3.6 ათასი, 1 ტონა.
BM.GE-მ საქსტატიდან არმატურის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა. TOP-5-ეული ასე გამოიყურება:
- შპს ევროსტილი
- შპს პიემ მეტალ
- შპს ფოლადის სახლი
- შპს ციტადელი
- შპს ჯი არ სი
რაც შეეხება ექსპორტს, არმატურის გაყიდვების მაჩვენებლები წლების განმავლობაში მინიმალური იყო, წელს კი 8 თვის მონაცემებით, კიდევ უფრო შემცირებულია. იანვარ-ივლისში საქართველოდან მხოლოდ 72 ათასი დოლარის ღირებულების 92 ტონა არმატურა სომხეთში გაიყიდა.
გასულ წელს კი 6 მილიონ 658 ათასი დოლარის ღირებულების 11 073 ტონა ძირითადად სომხეთში, მცირე მოცულობა კი აზერბაიჯანში გავიდა ექსპორტზე.
ცნობისთვის, წელს ფინანსთა სამინისტრომ არმატურის იმპორტზე გადასახადი დააწესა. ერთი ტონის იმპორტზე მოსაკრებელი 420 ლარით განისაზღვრება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, გადასახადი 25 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მოქმედებდა, თუმცა არმატურის იმპორტის დაბეგვრის ვადა გახანგრძლივდა და საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1 ტონაზე 420 ლარის ოდენობის ტარიფი 2026 წლის 1 მარტამდე იმოქმედებს. მოსაკრებლის გახანგრძლივების დადგენილება 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება 2024 წელს არმატურის იმპორტის მკვეთრ ზრდას მოჰყვა. გასული წლის 11 თვეში იმპორტი 67%-ით, 351,671 ტონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა $200 მილიონი იყო. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს არმატურის ნახევარი რუსეთიდან შემოვიდა, ირანიდან იმპორტი კი $80 მილიონს შეადგენდა.
კონკურენციის სააგენტო 2024 წლიდან არმატურის ბაზარზე სავარაუდო დემპინგის არსებობის საკითხს სწავლობს. ორგანიზაციას მოკვლევისთვის ერთწლიანი ვადა აქვს, თუმცა, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობამ ამ ვადის დასრულებამდე გადაწყვიტა ზომების მიღება და იმპორტული არმატურისთვის საგადასახადო ბარიერი დააწესა, რაც სავარაუდოდ, ადგილობრივი წარმოების დაცვისკენ არის მიმართული.



























