რეკრეაციული, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო ტექნიკის კომპანია Transporter საქართველოში 2016 წლიდან ამოქმედდა და დღეს ქვეყანასა და რეგიონში 80-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია - კომპანიის შექმნის ისტორიაზე BMGDrive-ის ეთერში მისი დამფუძნებელი, სერგი შუღაროვი საუბრობს.
"ტრანსპორტერის შექმნის იდეის უკან იდგა ჩემი ჰობი, რომელიც ბიზნესად იქცა. ექსტრემალური სახეობების მოყვარული ვარ და ყველანაირი ტექნიკა მიყვარს, იქნება ეს თოვლმავალი, ბაგი, წყლის სკუტერი თუ ა.შ. ეს ტექნიკა ყოველთვის მყავდა, პრობლემა სერვისის მიმართულებით იყო.
სწორედ ამიტომ, 2016 წელს გადავწყვიტე, შემექმნა კომპანია და შემომეყვანა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანადური ბრენდი Bombardier", - ამბობს "ტრანსპორტერის" დამფუძნებელი.
შუღაროვი BMGTV-ის ეთერში აღნიშნავს, რომ კომპანია დღეს, საქართველოსთან ერთად, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიცაა წარმოდგენილი.
"დღეს უკვე 80-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოვადგენთ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონალურად. ისეთი დიდი ბრენდები გვაქვს პორტფელში, როგორებიცაა Kawasaki, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვა.
ზვავის პრინციპით, ერთ ბრენდს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მეოთხე და, ღმერთის წყალობით, არც ერთი წელი არ გვქონია ზრდის გარეშე, როგორც პორტფელში ბრენდების დამატებით, ასევე გაყიდვებისა და სერვისების ნაწილში", - ამბობს სერგი შუღაროვი.
"ტრანსპორტერის" სერვისებზე საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი იმ პროექტებსაც განიხილავს, რომლებიც კერძო პირებსა და ბიზნესებს დამატებითი შემოსავლის გენერირებაში უწყობთ ხელს. მაგალითად, მაღალმთიანი სასტუმროებისთვის, რომლებსაც სტუმრებისთვის OFF ROAD ტურების შეთავაზება სურთ, "ტრანსპორტერს" განსხვავებული მომსახურებაც აქვს.
"პირველივე დღიდან, როდესაც ეს ბიზნესი დავიწყეთ, გავაკეთეთ პროექტი და იმ ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, ეს მიმართულება დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციონ, არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ გადაწყვეტილებას ვყიდით.
მაგალითად, კომპანიებს ვთავაზობთ მზა ბიზნესგეგმას, რომლითაც შეგიძლია, ინვესტიცია ჩადო, იყიდო 5, 7, 10 კვადროციკლი, ჩვენ კი გაწერილი გვაქვს თითოეულ კვადროციკლს ყოველ კილომეტრზე რამდენი დანახარჯი ექნება, ბენზინს რამდეს მოიხმარს, ცვეთა რამდენი აქვს, რა ფასი უნდა დაადოს შეთავაზებას, წლის განმავლობაში რამდენი დღე იქნება შესაფერისი ამინდი - თავიდან ბოლომდე "სოლუშენს" ვყიდით", - ამბობს შუღაროვი.
იგი აღნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც რეკრეაციული ან მოტოტექნიკის შეძენას გეგმავენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ეძნელებათ, "ტრანსპორტერი" რისკების გადაზღვევის საშუალებასაც აძლევთ.
"ასეთი შეთავაზებაც გვაქვს: თუ ბიზნესებს გადაწყვეტილების მღება გაუჭირდათ, ვეუბნებით, რომ რასაც გთავაზობთ, თუ რეალობას არ შეესაბამება, მაშინ ამ ტექნიკას თქვენგან უკან შევისყიდით, რაც რისკს ამცირებს.
ამ მიმართულებას უკვე ჰყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი საქართველოს ყველა რეიგიონში, სადაც უკვე აქირავებენ ამ ტიპის ტექნიკას, ტურისტებისთვის გეგმავენ ტურებს და ა.შ. რაც სფეროს ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, სხვათა შორის, ტექნიკის გამოსყიდვის არც ერთი შემთხვევა არ გვქონია ამ წლების განმავლობაში", - ამბობს სერგი შუღაროვი.
ცნობისთვის, "ტრანსპორტერი" თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, კომპანია მომხმარებელს ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს.