მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"8000 მოსავალი" - ქართული ღვინო ბერლინში

8000 მოსავალი- ქართული ღვინო ბერლინში
26.07.24 13:21
515

ღვინის მაღაზიასა და ბარ "8000 მოსავალს" ღვინის მოყვარულები კარგად იცნობენ. კომპანია ხარისხიანი ქართული ღვინის - საოჯახო მარნების, საშუალო თუ დიდი კომპანიების ღვინოების უდიდეს არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. მაღაზიას ღვინის 200-მდე მომწოდებელი ჰყავს და 600 განსხვავებული დასახელების ღვინოს უყრის თავს. "8000 მოსავალის" დამფუძნებლებმა მიზნად დაისახეს ჯერ ქართველი მომხმარებლისთვის შეეყვარებინათ კარგი ქართული ღვინო, შემდეგ კი ამ ღვინის მომხმარებელთა არეალი გაეფართოებინათ და ადგილობრივი სახეობები მსოფლიოსთვისაც გაეცნოთ. ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი კომპანიამ შარშან გადადგა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაღაზიის პირველი ფილიალი ბერლინში გახსნა. ევროკავშირის ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის თავისებურებებსა და სირთულეებზე "8000 მოსავალის" ერთ-ერთ დამფუძნებელი ირაკლი ჩხაიძე საუბრობს.

მოგვიყევით კომპანიის საქმიანობისა და მიზნების შესახებ.

კომპანია "8000 მოსავლის" მისიაა, მსოფლიოს შევაყვაროთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ კარგი ქართული ღვინო. ამ იდეის გარშემო გავერთიანდით რამდენიმე ადამიანი დაახლოებით 8 წლის წინ და მას შემდეგ ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა კომპანიის მისიას შეესაბამებოდეს. დღეს 8000 მოსავალს ოთხი ფილიალი აქვს თბილისში, ერთი-ბათუმში და ერთი- ბერლინში. შარშან გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ფარგლებიდან გასვლის დრო იყო და საქართველოს გარეთ კომპანიის პირველი ფილიალის გასახსნელად გერმანია ავირჩიეთ. იქაც დიდი წარმატებით ვაცნობთ ჩვენს პროდუქციას ღვინის ენთუზიასტებს თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ვასინჯებთ და ვუყვებით ქართული ღვინის შესახებ.

მოგვიყევით რა გზა გაიარა თქვენმა კომპანიამ საქართველოდან ევროკავშირის ბაზრამდე?

ეს გზა არ იყო და არც დღესაა ადვილი. ჩვენ არ ვართ უბრალოდ მწარმოებელი, რომელსაც სურვილი აქვს ევროკავშირის ქვეყანაში ღვინო გაყიდოს. ჩვენი ბიზნესის მიზანია, გერმანიაში აქაურობის ექსპორტიც შევძლოთ. ეს გულისხმობს ერთდროულად მომსახურებისა და პროდუქტის ექსპორტს. ის, რომ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქმიანობას მნიშვნელოვნად გვირთულებს. მთავარი გამოწვევა ნდობის მოპოვებაა ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა კომპანიის დაფუძნებას ცდილობ. ჩნდება კითხვის ნიშნები, რაიმე მაქინაციური გათვლებით ხომ არ აფუძნებ კომპანიას. პირველი, საკმაოდ რთული ეტაპი, სწორედ კომპანიის რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნაა. თუმცა სირთულეები ამით არ მთავრდება. როცა ჯერი ფართის დაქირავებაზე მიდგება, სადაც შენი საქმე უნდა აწარმოო, უპირატესობას იმ კომპანიებს ანიჭებენ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არიან. საბოლოო ჯამში, დიდი ძალისხმევის, მოთმინებისა და თანმიმდევრულობის შედეგად, გავიარეთ ეს გზა, დავაფუძნეთ შპს, გავხსენით საბანკო ანგარიში და ვიქირავეთ სივრცე. ბუნებრივია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა გაცილებით რთულია, არ გაქვს სამუშაო ვიზა და ა. შ. თავიდანვე, როცა ეს ბიზნესი დავიწყეთ და ჩვენი საქმიანობის მისია განვსაზღვრეთ, ვფიქრობდით, რომ უცხოეთში გასვლაც მოგვიწევდა, თუმცა მიზნად გვქონდა დასახული, პირველ ეტაპზე ქართველებისთვის შეგვეყვარებინა ქართული ღვინო და ბოთლის ღვინის სმის კულტურა დაგვენერგა. უკვე ამის შემდეგ გვინდოდა უცხოეთშიც გავსულიყავით. რეალურად შარშან დადგა დრო.

რომელი ქართული ღვინო მოსწონს ევროპელ მომხმარებელს?

ჩვენი მთავარი შიში უკავშირდებოდა იმას, თუ რამდენად მიიღებდა გერმანელი მომხმარებელი ქვევრის ღვინოს, რადგან ჩვენ რეალურად განსხვავებას ქვევრის ღვინით ვქმნით, განსაკუთრებით, თეთრი ღვინით. კლასიკურ ღვინოს გერმანელები თვითონაც ძალიან კარგს აწარმოებენ, ამიტომ საქართველოსა და ქართულ ღვინოს გარკვეული მიზიდულობა რომ ჰქონოდა, პრინციპული მნიშვნელობის იყო მოსწონებოდათ ქვევრის ღვინო. საბედნიეროდ, პირველივე დღეებიდან გამოჩნდა, რომ ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ათიდან 6-7 მომხმარებელი ქვევრის თეთრ ღვინოს ყიდულობს, თანაც არა ერთჯერადად. ამდენად, თუ რამე პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მაღაზიაში, ესაა ქვევრის თეთრი ღვინო. შემდეგ მოდის წითელი და ბოლოსაა უკვე კლასიკური, ევროპული ტექნოლოგიის ღვინო.

რა უნდა გააკეთოს მეწარმემ იმისთვის, რომ მისმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები? და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში კომპანიის მიერ კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვით საქმიანობა?

ევროპაში ისეთი გარემოა, კომპანიას საერთოდ რომ არ ჰქონდეს წარმოდგენა კორპორაციული მდგრადობის პრინციპებზე, ამ ჩარჩოებში ძალაუნებურად მაინც ჯდები. მაგალითად, ადამიანების უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები, კორპორაციული კულტურა, ხელშეკრულებები ისე და იმდენად დეტალურადაა გაწერილი, რომ ყველაფერზე ნაფიქრია. აღარაფერს ვამბობ გარემოს დაცვაზე, იგივე როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების გადაყრა, ენერგიის რაციონალურად მოხმარება და ა. შ. თვითონ გარემო იმგვარადაა ჩამოყალიბებული, მდგრადობის ყველანაირი პრინციპის დაცვა ავტომატურად გიწევს.

რა სახის დახმარება სჭირდებათ ყველაზე მეტად მეწარმეებს იმისთვის, რომ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა? რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ პროცესში?

თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ბიზნესების ექსპორტი მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერილი, ჩვენი კომპანიის მაგალითზე გიპასუხებთ. ჩვენთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ის, რომ გვერდში დაგვდგომოდა ისევ და ისევ იმ ორგანოებთან თანამშრომლობისას, რომლებთანაც გვქონდა შეხება, როცა გერმანიაში შევედით. მხარდაჭერაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენს უკან ყოფილიყო სახელმწიფო როგორც გარანტი, ნდობის უზრუნველმყოფი ამ ორგანოებთან, რათა მათ სცოდნოდათ, რომ ჩვენ არ ვიყავით რაღაც ფინანსური მაქინაციების გამტარებელი კომპანია, პირიქით, ვაკეთებდით საქმეს, რომელიც ქართულიცაა და ევროპულიც ერთდროულად. აი, სწორედ ამ თვალსაზრისით შეუძლია სახელწიფოს ბიზნესების გაძლიერება- არა ფინანსური მხარდაჭერით, არამედ იმით, რომ შუამავლად ჩადგეს კომერციულ ორგანიზაციასა და ევროპულ სახელმწიფოს შორის.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ქართული ბიზნეს სექტორისთვის?

ეს წინ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც ძალიან დაგვაახლოვა ევროკავშირის წევრობას. ბიზნესის ექსპორტის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობა სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს გაგვიხსნიდა. ევროპაში ფილიალის გახსნა, ფაქტობრივად, იგივე იქნებოდა, რაც თუნდაც ბათუმში ფილიალის გახსნა. როცა ბათუმში მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ, მნიშვნელოვანი იყო იქ გამოცდილი კადრები გაგვეშვა. ბერლინის შემთხვევაში, ცხადია, სრულიად სხვა მოცემულობა გვქონდა. ჩვენ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ეს მოგვცემდა საშუალებას ჩვენი კადრები მარტივად გადასულიყვნენ გერმანიაში და იქ გაეგრძელებინათ მუშაობა. მაშინ, როცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გჭირდება, მაგალითად, გამოცდილი სომელიე ან მზარეული, შენ, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, მივლინება უნდა გააფორმო, სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერი გადალახო, რაც გაცილებით რთულია. ცნობადობის სულ სხვა ხარისხი გვექნებოდა და ყველა ორგანოსთან მუშაობა გაადვილდებოდა წევრობის შემთხვევაში. ამასთან, ქვეყნებს შორის მიმოსვლა რომ გაიზრდება, უფრო მეტ ადამიანს ექნება ქართულ ღვინოსთან და ქართულ კულტურასთან შეხება და მერე, როცა უკვე თავიანთ ქვეყანაშიც დახვდებათ ნაცნობი ქართული პროდუქცია, მოთხოვნაც გაცილებით მაღალი იქნება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ერთმნიშვნელოვნად დიდი ნაბიჯია, მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი.

რას ურჩევდით იმ კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნეს საქმიანობას. რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის შეტანა და გაყიდვა? რა სტანდარტების/რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ, მათ შორის მდგრადობის სტანდარტების, და რა მნიშვნელობა აქვს ამ სტანდარტების დანერგვას კომპანიის წარმატებისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების დაცვა. გერმანიაში, სადაც ჩვენ ვსაქმიანობთ, შესანიშნავადაა განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის დატვირთვა, მაგალითად, სტუდენტური, სრული თუ ნაწილობრივი დასაქმება, რაც მუშაობის სურვილის მქონე ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, დასაქმდეს. ჩვენ გვყავს 65 წლის თანამშრომელი, რომელმაც თვითონ აირჩია ნაწილობრივი დატვირთვა. შრომითი უფლებები ევროპაში ზედმიწევნით დაცულია. ჩვენს კომპანიაში დაარსების დღიდან, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ბერლინში შევიდოდით, თანამშრომლის კმაყოფილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუ თანამშრომელი ბედნიერია, ყველა ბედნიერია. ეს ნაწილი ყოველთვის მოწესრიგებული გვქონდა, კარგად ვიაზრებდით თანამშრომლების სურვილებსა და უფლებებს. გერმანიაში რომ ჩავედით, კიდევ უკეთ აღვიქვით რამხელა მნიშვნელობა აქვთ ამ ადამიანებს, მათი უფლებების დაცვასა და მათ სათანადოდ დაფასებას ორგანიზაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კულტურა მაღალ დონეზე იყოს ჩამოყალიბებული და დაცული ორგანიზაციებში, რადგან თუ გვინდა ევროპის ნაწილი ვიყოთ, სხვანაირად არ გამოდის. ევროპისა და ევროპული ღირებულებების ნაწილია ისიც, რომ ბერლინში ჩვენს მაღაზიაში 6 სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელია დასაქმებული. ერთად ვემსახურებით საერთო საქმეს.

სტატია მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები