ბიო ტუალეტების იმპორტიორი კომპანია „ჰასიმ“ ასორტიმენტი გააფართოვა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჩხაიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია 2018 წელს დაარსდა და მთავარი პროდუქტი თავიდანვე ბიო ტუალეტი იყო. ის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ბიო ტუალეტი როგორც იქირაოს, ასევე შეიძინოს.
"ჰასის" დამფუძნებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი პროდუქცია სრულად იმპორტირებულია ევროპიდან, ამასთან იმპორტირებულია ის ხსნარები, რომლებიც ბიო ტუალეტის დასასუფთავებლადაა საჭირო. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეიძლება მათი ბიზნესისთვის ხელშემშლელი და დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს.
„ვემსახურებით როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე კერძო კომპანიებს, კერძოდ სამშენებლო კომპანიებს, ფესტივალებსა და ა.შ. ჩვენი ბიო ტუალეტები იმპორტირებულია ევროპის ქვეყნებიდან. ეს არის ამერიკული წარმოშობის ტუალეტები, რომელიც გერმანიაში მზადდება. დაშლილ მდგომარეობაში ჩამოდის და იწყობა საქართველოში. ამასთან, საჭირო ხსნარები თუ ატრიბუტები სრულად ევროპაშია წარმოებული.
მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა და იზრდება, რაც რეგულაციების გამკაცრება დაიწყო. ამასთან, საზოგადოებაში ცნობადობაა გაზრდილი და უკვე ხვდებიან, რომ ორმოს ამოთხრას, ცივილიზებულად ბიო ტუალეტის დადგმა სჯობს, რომელიც ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში მარტივად გადაადგილდება. მართალია, მისი განთავსება შედარებით მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, მაგრამ უფრო მარტივი და მოსახერხებელია ამის გამოყენება.
ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი გვყავს. ეს იქნება როგორც სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ხანგრძლივად ქირაობენ ბიო ტუალეტს, ასევე ივენთების კომპანიებიც გვყავს, რომლებიც მოკლე ვადით ქირაობენ", - აცხადებს ჩხაიძე.
ფასებს რაც შეეხება, მისივე თქმით, ერთი ბიო ტუალეტის შეძენა 3776 ლარი ღირს. თუმცა, როგორც ჩხაიძე ამბობს, როგორც წესი, ბიო ტუალეტის შეძენა იშვიათია, რადგან თუ მას დამატებით თანდართული მომსახურება არ მოჰყვა, თითქმის გამოუსადეგარია. "ჩვენ გვყავს მანქანები, რომლებსაც დიდი აგრეგატი ადგას, რითაც ხდება ამ ტუალეტების პერიოდული დასუფთავება. ეს იქნება ამოტუმბვა თუ შესაბამისი საშუალებებით წმენდა“, - აცხადებს ჩხაიძე.
კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ბაზარმა სხვა თანმიმდევრული პროდუქტების დამატებაც მოითხოვა, როდესაც ბიო ტუალეტს ქირაობენ. მაგალითად, როდესაც დიდი ივენთ კომპანია ბიო ტუალეტს ქირაობს, ამას სჭირდება ჯებირები, რომელიც რიგს მოაწესრიგებს. ამასთან კომპანიას ღობეებიც დაემატა, რომელიც სამშენებლო ტერიტორიის შემოსაღობადაა საჭირო. მისივე თქმით, ფასები ამ შემთხვევაში დამოკიდებულია ობიექტის ადგილმდებარეობასა და სერვისის ტიპზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მთლიანად საქართველოს ფარავს. ერთი საწყობში თბილისში აქვს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ამარაგებს, ხოლო მეორე საწყობი გურიაში აქვს, საიდანაც დასავლეთ საქართველო მარაგდება. კომპანიაში ჯამში დაახლოებით 17 ადამიანია დასაქმებული.