ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ფონზე, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 82,000 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 610 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 2 ტრილიონ 900 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ბიტკოინის რეკორდული ზრდის ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი ეთერიუმის, სოლანას, კარდანოს და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება, რაც სწორედ ტრამპის არჩევას უკავშირდება.
საქმე ისაა, რომ ბოლო დროის განმავლობაში ტრამპი კრიპტოინდუსტრიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რადგან მან ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილში გამართულ ბიტკოინის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მისმა გამოსვლამ და გაკეთებულმა განცხადებებმა ინვესტორებში პოზიტიური რეაქცია გამოიწვია, რადგან ტრამპმა თავი პროკრიპტო კანდიდატად წარმოადგინა, რომელიც ინდუსტრიის მხარდაჭერას აპირებს.