მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 კლინიკა პრემიერს მიმართავს - რას ითხოვს სამედიცინო ბიზნესი

5ec7c1b547b49
თელარა გელანტია
22.05.20 16:16
3859
9 სამედიცინო დაწესებულება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიამართავს. კლინიკები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ითხოვენ, ჰოსპიტალური სექტორის მხარდაჭერას, ისევე როგორც ეს მოხდა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. მიმართვის ადრესატები გიორგი გახარიას გარდა, არიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე.

მიმართვის ტექსტს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ, ხელს აწერენ: ,,ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრი (გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი), ,,ნიუ ჰოსპიტალსი“ (გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი) ,,თბილისის გულის ცენტრი“ (გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე), შპს ,,ვივო“ ჯგუფი (გიორგი ყიფიანი), კლინიკა „გული“ (გენერალური დირექტორი ანზორ მელია), კლინიკა ,,ჯერარსი“ ( გენერალური დირექტორი მამუკა ქაცარავა), შპს „პინეო ეკოსისტემა“(პარტინიორი მმართველი იაგო კალანდაძე), შპს ,,თბილსის მედიცინის ინსტიტუტი“ (დირექტორი გიორგი კაჭახიძე) სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი).

„უპირველეს ყოვლისა, ვაცნობიერებთ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას და უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც მოწოდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით გთხოვთ, ჰოსპიტალურ სექტორის მხარდაჭერას, ისევე როგორც ეს მოხდა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. მოგახსენებთ, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მკვეთრად დაკლებულია გეგმიური (ამბულატორიული) მომართვიანობა, შეჩერებულია გეგმიური ქირურგიული თუ სხვა ტიპის ჩარევები, რაც სერიოზული ზარალის პირობებში აყენებს კლინიკებს. ყოველ ღონეს ვხმარობთ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, გადაუდებელი ოპერაციების ხარისხი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედპერსონალის ხელფასები.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იგეგმება მორიგი ცვლილებების შეტანა, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კლინიკებს (ისევე, როგორც ეს მოხდა №520 დადგენილების მიღების შემდეგ). ასევე, უნდა ამოქმედდეს სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №149 და 2019 წლის 16 აგვისტოს №394 დადგენილებები). ამ ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები. მოგეხსენებათ, ყოველივე ეს საჭირობს დამატებითი ინვესტიციების გაკეთებას. დღევანდელი რელობიდან გამომდინარე მსგავსი ცვლილებების განხორციელება, მოკლე ან გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების ან პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს 2020 წელს დაგეგმილი სამედიცინო ჩარევებზე ტარიფების ცვლილებების გადავადება, 520 დადგენილების ტარიფების გადახედვა, ასევე 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების გადავადება 2022 წლის 1 იანვრამდე, რათა ჰოსპიტალურ სექტორს პანდემიის შემდეგ მიეცეს რეაბილიტაციისა და შესაბამის მომზადების საშუალება. აღნიშნული რეგულაციების გადავადება არ მოახდენს გავლენას პაციენტების უსაფრთხოებასა თუ სამედიცინო სერვისების ხარისხზე“, - ნათქვამია მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები