ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთის დედაქალაქში ჩავა და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავად მოწყობილ ტრადიციულ აღლუმს დაესწრება. როგორც ჩინეთში რუსეთის ელჩმა, იგორ მოგულოვმა განაცხადა, აზიური სახელმწიფოს ლიდერმა, ერთი მხრივ, ვლადიმირ პუტინის მოწვევა მიიღო, ხოლო, მეორე მხრივ, რუსი კოლეგა ჩინეთში დაპატიჟა, სადაც მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხებას იზეიმებენ. მოსკოვში ლიდერების შეხვედრაც გაიმართება.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, წლევანდელ საიუბილეო აღლუმზე, რომელიც ომში გამარჯვების მე-80 წლისთავს ეძღვნება, ბევრი ქვეყნის ლიდერი არის დაპატიჟებული, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაჰმუდ აბასი და ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუიშ ინასიუ ლულა და სილვა.