მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 სიახლე, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონი ბიზნესს სთავაზობს

5f72e47ea0d3e
ელენე გოგბერაშვილი
29.09.20 12:02
2052
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი, რომელიც გადახდისუუნარობის სფეროში მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს, "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. კანონი ძალაში 2021 წლის 1 აპრილიდან შევა. 

სამინისტროში განმარტავენ, რომ რეფორმის მიზანი ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს კომპანიებისა და კრედიტორების ინტერესებს; მისცემს საშუალებას ბიზნესს, ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოიყენოს რეაბილიტაციისათვის საჭირო მექანიზმები, გაკოტრების პროცედურის ნაცვლად. ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის დანერგვა კი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინვესტიციების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს.

"გადახდისუუნარობის შესახებ არსებული კანონი საკმაოდ მოძველებული იყო. არაერთხელ უსისტემოდ შეტანილმა ცვლილებებმა მექანიზმი საკმაოდ მოუხერხებელი გახადა. გადახდისუუნარობის სფეროს გაუმჯობესების აუცილებლობაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც. მაგალითისთვის, 2016 წელს გახსნილი 41 გადახდისუუნარობის საქმის წარმოებიდან რეაბილიტაციით დასრულდა მხოლოდ 2 საქმე, ხოლო 2017-2018 წლებში რეაბილიტაციის მაჩვენებელი ნულია. რაც შეეხება გასულ წელს, 1-ლი ივნისის მდგომარეობით, გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა 19 სუბიექტის მიმართ და გადახდისუუნარობის რეჟიმად არცერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული რეაბილიტაცია.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უპირატესობას ანიჭებს საწარმოს რეაბილიტაციას გაკოტრების პროცედურასთან მიმართებით. ის ორიენტირებულია, მისცეს პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა ცალკეულ ბიზნესს, რომლებსაც შექმნილი აქვთ ფინანსური სიძნელეები; პარალელურად, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება კრედიტორთა ინტერესების კოლექტიური დაკმაყოფილება.

ამისთვის საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:

- შემოდის და საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესია. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საქმისწარმოებაში მიკერძოებული პრაქტიკოსის მონაწილეობის რისკებს, ასევე, პროცესში პრაქტიკოსის საქმიანობის მიკერძოებულად აღქმის საფრთხეებს;

- მოვალე კომპანიის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ჩნდება რეგულირებული შეთანხმების მექანიზმი, რაც საშუალებას აძლევს მხარეებს, სასამართლოს ჩარევის გარეშე ნაკლები დანახარჯებით მოძებნონ ფინანსური სირთულეების დაძლევის გზა და მიაღწიონ შეთანხმებას. რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტი სრულიად ახალია ქართული სამართლისთვის;

- სასამართლოში მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებას უპირატესობა ენიჭება გაკოტრების რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებასთან შედარებით მაშინაც კი, თუ გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განცხადება უფრო ადრე იქნა შეტანილი. სასამართლო უპირველესად იხილავს განცხადებას მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ;

- მოვალის ქონების უკეთ დაცვის მიზნით კანონი ახლებურად არეგულირებს მორატორიუმის ამოქმედების, გაუქმებისა და შეწყვეტის წესებს. არსებული რეგულაციით, მორატორიუმის პროცედურა ხისტია და არ იძლევა საშუალებას, გათვალისწინებულ იქნეს კონკრეტული ბიზნესის საჭიროებები. ახალი კანონის უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მორატორიუმის ღონისძიებათა დიფერენცირება კანონისმიერ და დისკრეციულ ღონისძიებებად;

- მაშინაც კი, თუ დაკმაყოფილდება კრედიტორის განცხადება რეაბილიტაციის შესახებ, სასამართლოს შეუძლია, დატოვოს მართვაში მოვალე, თუკი ის დაასაბუთებს, რომ სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად. მოვალის მართვაში დატოვებისას სასამართლო მოვალეს უნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს. მენეჯმენტი აგრძელებს მართვას და ზედამხედველთან ერთად მონაწილეობს კრედიტორებთან მოლაპარაკებაში რეაბილიტაციის რეჟიმის წარმატებით დასრულების მიზნით;

- რეაბილიტაციის რეჟიმს ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი ენიჭება, ჩნდება რეაბილიტაციის წამახალისებელი არაერთი მექანიზმი − გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციაში კონვერსიის შესაძლებლობა, რეაბილიტაციის გეგმა მიმართულია მოვალე სუბიექტის გადარჩენისკენ, რა დროსაც კრედიტორული მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ კრედიტორული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორული მოთხოვნების იმგვარ დაკმაყოფილებას, რომლის დროსაც თითოეული კრედიტორი მიიღებს, მინიმუმ, იმდენს, რასაც მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა (ფულადი ვალდებულებების შესრულების ხანგრძლივობასთან მიმართებით ინტერესის გათვალისწინებით). ამასთან, კრედიტორთა უმრავლესობისათვის რეაბილიტაციის გეგმით უნდა იყოს გათვალისწინებული იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე მოვალის გაკოტრებისას დადგებოდა; ეს გარემოებები კრედიტორებს წაახალისებს, მხარი დაუჭირონ რეაბილიტაციის რეჟიმის განხორციელებას;

- ახალი კანონი აწესებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და მოქნილ პროცედურებს მოვალის ქონების მაქსიმალურად მაღალი ღირებულებით რეალიზაციისათვის; მხოლოდ სტანდარტული აუქციონის ჩატარების ნაცვლად, წესდება რეალიზაციის ფორმების სიმრავლე, რომლის მიხედვითაც არჩევანს განაპირობებს მმართველის ვალდებულება, შეარჩიოს ყველაზე ეფექტიანი ფორმა რეალიზაციისათვის. დგინდება კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი და რიგითობა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უარი თქვა ყველა იმ უსამართლო პრივილეგიაზე, რაც შესაძლებელია, მას ჰქონოდა სხვა კრედიტორებთან შედარებით;

- ჩნდება სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ცნება, რათა იმ საწარმოებთან მიმართებით, რომელთა საქმიანობაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სასიცოცხლო სერვისების მიწოდებისათვის, დაექვემდებაროს განსაკუთრებულ რეჟიმს და სპეციფიკურ მიდგომებს;

- ახლებურად რეგულირდება საერთაშორისო გადახდისუუნარობის საკითხი − ყოველ კრედიტორს შეუძლია თავისი მოთხოვნების ერთდროულად რეგისტრაცია/დადგენა ერთი მოვალის მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებებში.

ცნობისთვის: გადახდისუუნარობის რეფორმაზე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში 2016-2019 წლებში მიმდინარეობდა. მანამდე, 2014 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით რამდენიმეჯერ შეფასდა გადახდისუუნარობის არსებული სისტემა. 2014 წელს კვლევა ჩაატარეს გერმანელმა მოსამართლეებმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, 2015 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტმა „მმართველობა განვითარებისათვის“, 2016 წელს კი, გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა. რეფორმაზე მუშაობა საერთაშორისო კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე, პრაქტიკაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით დაიწყო; შეიქმნა სამუშაო ჯგუფი იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების, აგრეთვე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში უშუალოდ ჩართული პრაქტიკოსი იურისტების მონაწილეობით. დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პროექტების (GIZ, USAID, CLDP) ხელშეწყობით კანონპროექტზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა.

კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში ჯგუფის მიერ მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა. შესწავლილ იქნა გაერო-ს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) „გადახდისუუნარობის კანონის საკანონმდებლო სახელმძღვანელო“, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „ეფექტიანი გადახდისუუნარობისა და მოვალის და კრედიტორთა უფლებების დაცვის პრინციპები“; ასევე, გერმანიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოთა გადახდისუუნარობის კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები.

2018 წლის ივნისში იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. გაიმართა არაერთი შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც მოწვეულ პირებს მიეცათ საკითხის ირგვლივ შეკითხვების დასმისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა; გამოთქმული წინადადებები კი, პროექტში აისახა. ამავე წელს იუსტიციის სამინისტროს წარედგინა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომელიც „GIZ“-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დასკვნაში მოწონებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და მისი ძირითადი პრინციპები − რეაბილიტაციის უპირატესობა გაკოტრებასთან შედარებით; გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის შემოღება; კრედიტორთა რიგითობის სამართლიანი განსაზღვრა და სხვ. რეგულირების შეფასების დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტი მნიშვნელოვანია კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით და მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ანგარიშში“ საქართველოს რეიტინგის გასაუმჯობესებლად" - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები