მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 წლის განმავლობაში $6 მლნ ბიზნესში ნორმალური თანხაა - ექსპრემიერის ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი

9 წლის განმავლობაში $6 მლნ ბიზნესში ნორმალური თანხაა, - ასე პასუხობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი ჟურნალისტების კითხვას, ექსპრემიერის სახლში აღმოჩენილ 6,5 მლნ დოლართან დაკავშირებით.

კიდევ ერთმა ადვოკატის ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა იმას, რომ ექსპრემიერს ბრალი 2016 წლის შემდგომ პერიოდზე აქვს წარდგენილი, როდესაც ის პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, კერძო ბიზნესში წავიდა. ხოლო აღნიშნული 6,5 მლნ დოლარი არის ბიზნესიდან მიღებული თანხა.

„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის და ბიზნეს დატერორების და ა.შ. შესახებ, არამედ მას ბრალი წარედგინა, კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ პერიოდზე, როდესაც ის პირველად იყო პრემიერ-მინისტრი და დატოვა თანამდებობა - ის წავიდა კერძო ბიზნესში, ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ჰქონდა ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები. ჰქონდა კერძო ბიზნესი, ამ ბიზნესის წარმოების დროს მეორედ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, მას ეს არ სურდა, ეს არ იყო მისი მიზანი - [თანამდებობაზე დაბრუნება] აიძულეს არა, მაგრამ მოხდა. მისი ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს აიძულებდა. [დავა] არის 2016 წლიდან დღემდე პერიოდში ბიზნესწარმოების, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსულ თანხებზე - აი, ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიცავს. ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და ეს აღიარა.

საკუთარ ბიზნესში არავინ ეხმარებოდა. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად, ეს იყო ღვინის ქარხნები, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა ტარიელ ღარიბაშვილი“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

"მამაჩემის საკუთრებაშია მრავალმილიონიანი ბიზნესი" - რას ამბობდა ღარიბაშვილი თავის ქონებაზე 2024 წელს?

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როგორი სახით გადაიხდის ექსპრემიერი ₾1-მილიონიან გირაოს. ადვოკატ მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ეს საკითხი მოსაფიქრებელია.

“ჯერჯერობით არ ვიცი, რით მოხდება გირაოს გადახდა. მოსაფიქრებელია, ქონების უზრუნველყოფა იქნება თუ თანხის შეტანა. უნდა დავსხდეთ და გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა. ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე, ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის... ოქმში არ წერია საათები, იქ წერია თანხა, მობილური ტელეფონები და ლეპტოპი“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონი ლარი შეუფარდა. მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

ექსპრემიერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები