დღეს, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, "თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს", რაც "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, აკრძალული იყო. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება.
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაო მოითხოვა. განცხადებაში ბრალდებამ მიუთითა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში უთითებდა ყალბ ინფორმაციას მშობლისგან საჩუქრის სახით მიღებული თანხების შესახებ, რითაც საერთო ჯამში 830,000 ლარის შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად 17 ოქტომბერს 6.5 მილიონი დოლარი ამოიღეს.
პროკურატურა განცხადებაში უთითებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებული კომპანიები სინამდვილეში მის საკუთრებას წარმოადგენდა და მათგან დიდძალ ფინანსურ შემოსავალს იღებდა, მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული არც ოჯახის წევრების ვინაობა და არც - ბიზნესები.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წლის 31 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მამამისს ტარიელ ღარიბაშვილს მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნოდა.
“მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“ - 2024 წლის 31 მარტს განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადება უკავშირდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის შვილის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნისას სახელმწიფო თვითმფრინავის გამოყენების საქმეს. აღნიშნულ პერიოდში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩარტერული ფრენის საფასური 109 500 ლარს შეადგენდა, რაც ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამამისმა ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა.
ტარიელ ღარიბაშვილის ბიზნესები:
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ტარიელ ღარიბაშვილი მეწილედ ორ კომპანიაში ფიქსირდება - ორივე კომპანია ალკოჰოლური სასმელების წარმოებით არის დაკავებული.
ეს კომპანიებია:
- შპს “ღარიბაშვილის მარანი”, რომელიც 2023 წლის 29 სექტემბერს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ტარიელ ღარიბაშვილია.
- შპს “ქართული ფესვები”, რომელიც 2019 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა. მასში ტარიელ ღარიბაშვილი 100%-ის წილს ფლობს.
საქართველოში მოქმედ კომპანიებს თუკი მათი შემოსავლები და აქტივები კონკრეტულ კრიტერიუმებს გადააჭარბებს, ევალებათ აღნიშნული მონაცემები გაასაჯაროონ, თუმცა კომპანია მეოთხე კატეგორიის საწარმოს სტატუსს ატარებს, შესაბამისად მისი შემოსავლები 2 მილიონ ლარს არ აღემატება.
რაც შეეხება ამ კომპანიების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, შპს “ღარიბაშვილის მარანს”, მასზე რეესტრში უძრავი ქონება არ ფიქსირდება, ხოლო შპს “ქართულ ფესვებს” დედოფლისწყაროში ეკუთვნის 26,146 კვადრატული მეტრის ფართობის უძრავი ქონება, რომელზედაც კომპანიის ღვინის საწარმოა განთავსებული.
კომპანიას ფინანსური ანგარიშგებები გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარის ღვინის რეალიზაცია მოახდინა 2023-2024 წლებში.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ბრალი - სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























