მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში, აჭარაში უწყებებმა ბიუჯეტიდან გეგმაზე ₾136 მილიონით ნაკლები აითვისეს - მიზეზები

აჭარის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ათვისება გეგმას ჩამორჩება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების თანახმად, გადასახდელების 2025 წლის 9 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის − 58.3%-ს, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 79.6%-ს (529,507.2 ათას ლარს) შეადგენს.

2025 წლის 9 თვეში გადასხდელების საკასო შესრულება 135,538.9 ათასი ლარით ჩამორჩება საანგარიშგებო პერიოდის დაზუსტებულ გეგმას. ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად უკავშირდება "საერთო დანიშნულების რესპუბლიკურ გადასახდელებს“ (აუთვისებელი დარჩა 56,191.2 ათასი ლარი). მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 52,137.0 ათასი ლარი.

"მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვის დაზუსტებული ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად განპირობებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებებით. კერძოდ, შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების ხარვეზებით ჩატარების გამო არაერთი ტენდერი არ შედგა ან/და დასრულდა უარყოფითი შედეგით, ასევე მნიშვნელოვანია შესყიდვებში მიმწოდებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობა, რამაც შეაფერხა საანგარიშო პერიოდში ანგარიშსწორების პროცედურა",- წერია დოკუმენტში.

მოცულობითი ფინანსური რესურსი აუთვისებელი დარჩა ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (31,503.8 ათასი ლარი) და განათლებისა და სპორტის სამინისტროს (22,004.7 ათასი ლარი) ასიგნებებიდან.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება − საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგრამაში „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ − აუთვისებელი დარჩა 16,098.4 ათასი ლარი (2025 წლის 9 თვის დაზუსტებული გეგმა − 41,178.9 ათასი ლარი, 2025 წლის 9 თვის ფაქტი − 25,080.6 ათასი ლარი). წარმოდგენილი ინფორმაციით, გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობა ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები არაერთგზის დასრულდა უარყოფითი შედეგით. აგრეთვე მიმწოდებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საანგარიშგებო პერიოდში დროულად ვერ განხორციელდა სამუშაოების ნაწილზე კი საზედამხედველო ორგანოს მიერ დროულად არ იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ანგარიში, რამაც შეაფერხა ანგარიშსწორების პროცედურა.

განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამაში ─ „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ − აუთვისებელი დარჩა 5,843.9 ათასი ლარი (2025 წლის 9 თვის დაზუსტებული გეგმა − 21,551.7 ათასი ლარი, 2025 წლის 9 თვის ფაქტი − 15,707.8 ათასი ლარი). წარმოდგენილი ინფორმაციით, გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობა ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო შესყიდვაში მიმწოდებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საანგარიშგებო პერიოდში დროულად ვერ განხორციელდა, რამაც შეაფერხა ანგარიშსწორების პროცედურა.

განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში ─ „აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ − აუთვისებელი დარჩა 3,693.5 ათასი ლარი (2025 წლის 9 თვის დაზუსტებული გეგმა − 8,752.6 ათასი ლარი, 2025 წლის 9 თვის ფაქტი − 5,059.1 ათასი ლარი). საანგარიშო პერიოდის გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობა ძირითადად გამოწვეულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯის (კაპიტალური გრანტი) აუთვისებლობითა და სასწავლო უნივერსიტეტის − ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სარემონტო სამუშაოების ვადის გახანგრძლივებით.

ჩამორჩენა შემოსულობების/გადასახდელების გეგმებთან - როგორა აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები