ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი კლებას აგრძელებს. მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოდან ჩინეთში 6.6 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად 22%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
შემცირებულია ექსპორტირებული ღვინის მოცულობაც და წელს ჩინეთში საქართველოდან სულ 1 883 ტონა პროდუქცია გავიდა ექსპორტზე.
ექსპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ კლების ძირითადი მიზეზი ჩინეთის მხრიდან ღვინის მოხმარების შემცირებაა.
თუმცა როგორც BMG-სთან „თბილღვინოს“ მმართველი პარტნიორი, ზურაბ მარგველაშვილი აღნიშნავს, ჩინეთი ქართული ღვინისთვის მაინც საინტერესო და პერსპექტიულ ბაზრად რჩება და კომპანია ამ ბაზარზე უახლოეს ხანებში მეტად გააქტიურებას გეგმავს.
“ჩინეთში ღვინის მოხმარების კულტურა ისე არაა განვითარებული როგორც მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. 2017 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ კოვიდპანდემამდე ჩინეთში ღვინის მოხმარების კლება ფიქსირდება. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარია. რამდენიმე კვირაში ქართული ღვინის მწარმოებლები, მათ შორის “თბილღვინო” გამოფენა ProWine Shanghai-ზე მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ჩინეთის ბაზართან მიმართებაში გარკვეული ცვლილებები გავაკეთეთ. ახალი წარმომადგენელი გვყავს, რომლის მეშვეობითაც ვაპირებთ, რომ ღვინის იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან ჩვენი პოზიციები უფრო გავაძლიეროთ”, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, წელს 9 თვეში საქართველოდან ჯამურად 215 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 11%-იანი ზრდაა. ქართული ღვინისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც წელს ექსპორტზე 147 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.