„თიბისი კაპიტალის“ ელექტრონული კომერციის ბაზრის 9 თვის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი ზრდას განაგრძობს.
2025 წლის 9 თვეში ბაზარი წლიურად 35%-ით 7.62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან ადგილობრივ ბაზარს 41%-იანი წილი ეკავა, რაც 3.1 მლრდ ლარს შეადგენდა.
„საგრძნობი ზრდა ფიქსირდება საქართველოდან საერთაშორისო ელკომერციის ბაზარზე დანახარჯებში, რომელიც 2025 წლის 9 თვეში 4.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, თუმცა, ზრდის ტემპი ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებელს ჩამორჩება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2024 წლის 9 თვეში ადგილობრივ ელექტრონულ კომერციაზე 37% მოდიოდა. წლიურად კი 2024 წელს ელექტრონული კომერციის ბაზარი 7.9 მლრდ ლარამდე იყო გაზრდილი და აქედან 38% - 3 მილიარდი ლარი, ადგილობრივ მოვაჭრეებზე მოდიოდა.
"ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქონლისა და მომსახურების წილი, შესაბამისად, 40% და 60%-ია. საქონელი მეტწილად ელექტრონიკის კატეგორიაზე მოდის, ხოლო სერვისებში ტრანსპორტი და მოგზაურობა ლიდერობს. უკანასკნელი, ზოგადად, საკმაოდ გაციფრულებული სეგმენტია და უნაღდო ტრანზაქციების დაახლოებით 90%-ს ელკომერციის არხებით იფარება", - ნათქვამია მიმოხილვაში.
თიბისი კაპიტალში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზრის მოცულობამ (₾3.1 მლრდ) წელს 9 თვეში 2024 წლის ჯამურ შედეგებს გადააჭარბა.
თიბისი კაპიტალის სექტორული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს ადგილობრივი ბაზრის ზრდა ადგილობრივი ამანათების რაოდენობის ზრდაში აისახება და ჯამური ამანათების ნახევარს შეადგენს. გასულ წელს ჯამურად ადგილობრივი და საერთაშორისო ამანათების რაოდენობა 13.3 მლნ-მდე გაიზარდა, რაც 41%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მონაცემები გვაჩვენებს, რომ ქართული წარმოშობის ამანათების წილი ჯამურ ამანათებში 2020 წელთან შედარებით 13 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.




























