მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში მერძევეობის პროგრამის ბიუჯეტი აუთვისებელია - მიზეზები

მერძევეობის პროგრამა

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს მერძევეობის დარგის მოდერნიზების პროგრამის ბიუჯეტი სრულად ათვისებული არ არის. დოკუმენტის მიხედვით, 9 თვეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული მერძევეობის პროგრამისთვის 18 208 000 ლარი იყო გათვალისწინებული, სოფლის განვითარების სააგენტოს ამ პროგრამით კი იანვარ-სექტემბერში მხოლოდ 9 281 691 ლარია ათვისებული.

პროგრამის ბიუჯეტის ათვისების ჩამორჩენის მიზეზების შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, რომელმაც დღეს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში წარადგინა.

კითხვაზე, რატომ არ არის ათვისებული მერძევეობის მოდერნიზების პროგრამის ბიუჯეტი, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა, რომ თანხის ათვისება ბენეფიციარების მიერ შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული, თუმცა დაზუსტებული პასუხისთვის კითხვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეასთან ზურაბ ეზუგბაიასთან მიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდა.

"რა ინფორმაციაც მაქვს, ეს იყო დონორის დაფინანსებული, რომელიც საგრანტო კომპონენტისგან შედგება. აქ თანხის ათვისება დამოკიდებულია ბენეფიციარების მიერ შესრულებულ სამუშაოზე. კონტრაქტების უდიდესი ნაწილი არის უკვე გაფორმებული, უბრალოდ ველოდებით, რომ ბენეფიციარებმა ამ თანხების ათვისება შეძლონ და შესაბამისად მოხდება გადარიცხვაც", - განაცხადა კაკაურიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიას თქმით, თანხების ათვისება დონორების მხრიდან პროგრამის გადახედვის გამო შეჩერდა.

"მერძევეობის ნაწილში ჩვენ გვქონდა გარკვეული მიზეზები დონორების მხრიდან პროგრამების გადახედვის თვალსაზრისით. ამის გამო იყო ოდნავ შეჩერებული თანხების ათვისება, თუმცა ბენეფიციარების შერჩევა და შიდა სამუშაო უკვე განხორციელებულია. სამინისტრო ასევე ამზადებს მთელ რიგ ინიციატივას, განსაკუთრებით მერძევეობის სფეროში, შემდგომი სტიმულირების უზრუნველსაყოფად და უახლოეს მომავალში ესეც იქნება დაძრული", - განაცხადა ეგზუბაიამ.

მერძევეობის დარგის მოდერნიზებისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერაა (IFAD) დაფინანსებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს ვებსაიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურად გაფორმებულია 1,388 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 52,051,361 ლარს. მათ შორის სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული რეგიონების ფარგლებში გაფორმებულია 1,218 ხელშეკრულება. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 45,026,815 ლარს.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგანიზებული ჯგუფი, მერძევეობის დარგის მოდერნიზების თანადაფინანსების პროგრამის 219 ბენეფიციარის მოტყუებით, 4 111 054 ლარს უკანონოდ დაეუფლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები