საქართველომ მიმდინარე წლის 9 თვეში 36.9 მლნ დოლარის ღირებულების 25 257.6 ტონა მზესუმზირის, ალისარჩულის და ბამბის ზეთი შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ზეთის იმპორტის ღირებულება მიმდინარე წელს 42.9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც იმპორტირებული საქონლის მოცულობა 14.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვა, რომ საიმპორტო ბაზრებზე ზეთის ღირებულება გაიზარდა.
აღსანიშნია, რომ საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი წლების განმავლობაში რუსეთი რჩება. მიმდინარე წელს ქვეყნიდან 22 150.9 ტონა საქონლის შესაძენად 9 თვეში მეზობელ ქვეყანაში 32 მლნ დოლარი გავიდა. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველომ რუსეთიდან ზეთი იმპორტისთვის გასულ წელთან შედარებით 40.6%-ით მეტი გადაიხადა, ხოლო იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 16.5%-ით შემცირდა. (2020 წლის 9 თვე - 26 549 ტონა, 22.8 მლნ დოლარი).
რაც შეეხება მზესუმზირის ზეთის სხვა საიმპორტო ბაზრებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: აზერბაიჯანი - 2.9 მლნ დოლარის ღირებულების 1 853.5 ტონა; უკრაინა - 1.8 მლნ დოლარის 1 137.2 ტონა; თურქეთი - 137 ათასი დოლარი, 75.5 ტონა; იტალია - 60.7 ათასი დოლარი, 31.2 ტონა; გერმანია - 11.9 ათასი დოლარი, 5.3 ტონა; საფრანგეთი - 6.5 ათასი დოლარი, 1.8 ტონა; ბელარუსი - 4.4 ათასი დოლარი, 2.1 ტონა.




























