2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 147 მილიონი ლარი დაუჯდა. დოკუმენტი 2021 წლის პირველ 9 თვეში გაწეულ ხარჯებს ასახავს.
“საანგარიშო პერიოდში შესყიდულია 4,483,500-მდე დოზა ვაქცინა, ხოლო ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 3,483,500 დოზა (მათ შორის, 723,100 ათასი დონაციის სახით).
COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში დახარჯულია 147,095,000 ლარი, რაც გეგმური მაჩვენებლის 99.8%-ს შეადგენს,"- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშში.
მოქალაქეების ვაქცინაცია არამხოლოდ ვირუსის შეჩერების საუკეთესო და ყველაზე სწორი, არამედ ყველაზე ხარჯეფექტური გზაცაა, რადგან COVID-19-ის პაციენტების მკურნალობა წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 500 მილიონზე მეტი დაუჯდა.
ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო, თუმცა მან ფართომასშტაბიანი სახე მხოლოდ ივლისიდან შეიძინა, როდესაც ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა. სექტემბრის მეორე ნახევრიდან კი ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, ეპიდემიური ვითარება კი მკვეთრად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 5,400 აცრა ჩატარდა.
არსებული რთული ვითარება დამატებით გაამწვავა საარჩევნო გარემომ, რადგანაც მთავრობამ არჩევნების პირველი და მეორე ტურების ჩატარებამდე თავი აარიდა მკაფიო განცხადების გაკეთებას ქვეყანაში ე.წ. "მწვანე პასპორტების" შემოღებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც განცხადება მხოლოდ 8 ნოემბერს გაკეთდა. ასევე 8 ნოემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პენსიონერთა ვაქცინაციის წასახალისებლად 200-ლარიანი დანამატების შემოღების თაობაზე. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამან 500,000-მდე არავაქცინირებული პენსიონერი უნდა წაახალისოს. დღეს კი იმუნიზაციის ეროვნულმა საბჭომ ქვეყანაში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას დაუჭირა მხარი. ეს ნაბიჯი ათობით ქვეყანამ საქართველოზე რამდენიმე თვით ადრე გადადგა.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ადმინისტრირებულია 2,010,783 დოზა ვაქცინა, საიდანაც 954,991 ადამიანი ორჯერადად არის აცრილი, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1,052,213 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 37%-ია.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა არის განსაზღვრული. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტად მთავრობა 160 მილიონ ლარამდე მოიაზრებს.




























