კახეთში, კასკადური ტიპის „სტორი ჰესის“ მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, მისი დადგმული სიმძლავრე 47,6 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 208 მლნ. კვტ/სთ იქნება. საინვესტიციო ღირებულება კი 90 მლნ აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ წელიწადში უკვე მესამედ განახლდა პროექტის დასრულების ვადა. პირველად მისი ამუშავება 2023 წელს იგეგმებოდა, შემდეგი დათქმით კი მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო. როგორც ჩანს, მისი ექსპლუატაციაში გაშვება კიდევ ერთხელ მომავალი წლისთვის გადავადდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეცვლილია პროექტის ინვესტიციის მოცულობა და მოსალოდნელი დადმული სიმძლავრეც. როგორც ადრე ეკონომიკის სამინისტროში ამბობდნენ, "სტორი ჰესის" სიმძლავრე 33.6 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 150 მლნ კვტ/სთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 45 მილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.
"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „სტორი ჰესისა“ და ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავის“ სამშენებლო სამუშაოებს გუშინ გაეცნო. უწყების ცნობით, ჰესის ინტეგრირება საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელში სწორედ 110კვ ელექტროგადამცემი ხაზით "სტორი ჰესი - ახალი თელავით" მოხდება, რომელიც ჰესის პარალელურად შევა ექსპლუატაციაში.
„ისეთი პროექტები, როგორიცაა „სტორი ჰესი“ და ელექტროგადამცემი ხაზი „სტორი ჰესი - ახალი თელავი“ რამდენიმე მიზანს ემსახურება - პირველ რიგში, ასეთი სიმძლავრის ჰესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარებისთვის, გაიზრდება ქვეყნის ელექტროგენერაცია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის და სხვა მომხმარებლების სტაბილური ელექტროენერგიით მომარაგებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგიონში იქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროცესზე, რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს. მინისტრის შეფასებით, კახეთის რეგიონში „სტორი ჰესი - ახალი თელავის“ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობას და გააუმჯობესებს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ გამტარუნარიანობას.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში სტუმრობისას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და კომპანია Mitas Energy and Metal Construction Inc-ის წარმომადგენელმა ბარიშ ელბასიოღლუმ ხელი მოაწერეს განახლებულ ხელშეკრულებას 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავის“ მშენებლობის შესახებ. აღნიშნული პროექტის თავდაპირველი ღირებულება 12 500 000 ევროს შეადგენდა, ახალი დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. პროექტი განხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში, KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებელ კომპანიასთან მიღწეული ეს შეთანხმება უკვე მიმდინარე პროექტების ბიუჯეტის ოპტიმიზაციის კარგი მაგალითია, როდესაც ერთი და იგივე სამუშაო უფრო იაფად და, ამავე დროს, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შესრულდება,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




























