მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს ქვეყანას ექნება ახალი, ძალიან მსხვილი აეროპორტი - მარიამ ქვრივიშვილი

64c3c7dc2fbff
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.23 18:03
3438
ისტორიული პროექტი გველის წინ. ჩვენს ქვეყანას ექნება ახალი და ძალიან მსხვილი, ძალიან შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურის მქონე ახალი საერთაშორისო აეროპორტი,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთების კვლევები, რომელთა შემდგომაც მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნულ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.

ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს.

მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს მეორე ალტერნატივაც, რაც არსებული აეროპორტის გაფართოებას გულისხმობს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა.

“ისტორიული პროექტი გველის წინ. ჩვენს ქვეყანას ექნება ახალი და ძალიან მსხვილი, ძალიან შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურის მქონე ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ განვიხილავთ ორ ძირითად მიმართულებას. ერთი არის არსებული აეროპორტის შესაძლო განვითარება და უკვე დასრულებული გვაქვს განვითარების გეგმაზე მუშაობა, უკვე გვაქვს ფაქტობრივად სრული სურათი თუ რა არის ის მაქსიმალური შესაძლებლობა რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია გაფართოების კუთხით და რა არის ის საკმაოდ ბევრი შეზღუდვა, რომელიც მას გააჩნია. მეორეს მხრივ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაზიანის შესწავლა, როგორც ალტერნატიული ლოკაციის. გვაქვს ტექნიკური კვლევების პერიოდი, ვაწარმოებთ ტექნიკურ კვლევებს, რათა მთავრობამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება,”- “იმედის” ეთერში განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით, მოხდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს პოზიციების გათვალისწინება ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ 5 ივნისს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც აეროპორტის საკითხებზე იმუშავებდა.

“საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის N1054 განკარგულებით შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში ჩართულია ყველა რელევანტური უწყების, მათ შორის საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. აღნიშნული კომისიის ფორმატში გაიმართება ყველა სახის აუცილებელი კონსულტაცია. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ვერ იქნა მოძიებული წარსულში აღნიშნული ინიციატივის განხილვის შესახებ ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტაცია,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პასუხში.

რა მანძილით არის ვაზიანის სამხედრო აეროპორტი თბილისიდან დაშორებული:

თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის პირდაპირი დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს. თუმცა, საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება. ამ მანძილის გავლა ავტომობილით Google-ის შეფასებით, 24 წუთში არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები