A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რომელსაც მფლობელები 1 აპრილამდე არ გაააქტიურებენ ავტომატურ რეჟიმში სამუდამოდ გაუქმდება - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
მერის თქმით, გაცემულია ამ ტიპის 35 000-ზე მეტი ნებართვა. აქედან კი, არა აქტიური 20-21 ათასია.
"მოგეხსენებათ, გასული წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც საკუთრებაში დააკანონა A კატეგორიის ტაქსის ნებართვები. ვისაც აქვს A კატეგორიის ნებართვები, ეს სამუდამოდ მათი საკუთრებაა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის რეფორმა ითვალისწინებდა 1 წლიან ვადას, რომელიც იწურება მიმდინარე წლის 1 აპრილს. მიმდინარე წლის 1 აპრილამდე გაცემული ნებართვები უნდა გაააქტიუროს. საუბარია 35 000-ზე მეტი ნებართვაზე, რაც 2-3-ჯერ მეტია იმაზე, რაც დედაქალაქისთვის არის საჭირო. მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი აეღოთ ეს ნებართვები. ამის მიუხედავად, დაახლოებით 20-21 ათასი ნებართვა გასააქტიურებელია. ამიტომ, 1 აპრილამდე არის ეს ვადა, რაც უნდა გაითვალისწინონ. სხვა შემთხვევაში, ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება" - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდსა და ცხელ ხაზზეა შესაძლებელი.
ცნობისთვის, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის 3 500 მძღოლს ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლია. ავტობუსის ზოლებში მოძრაობა იმ ტაქსებისთვის არის დასაშვები, რომელთა ავტომობილი 2013 ან შემდეგ წლებშია გამოშვებული.