მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ა ქიუიზმი" და "თათქარიძეობა"

ლაითაძე
17.02.24 14:47
676

"ნუ იფიქრე, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა.

ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს - რამოდენადაც

შეძლება აქვს - შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე რა გაისწორო".

ილია ჭავჭავაძე, კაცია-ადამიანი?

რამდენიმე დღის წინ დავასრულე ლუ სსუინის ნოველა „ა ქიუს ნამდვილი ამბავი“, რომელიც ჩინურიდან ძალიან კარგად თარგმნა ბ-მა ზურაბ მამნიაშვილმა.

წიგნის ავტორია დიდი ჩინელი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელი ჭოუ შუჟენი (ფსევდონიმი - ლუ სსუინი, 1881-1936). ჭოუ შუჟენი, ილია ჭავჭავაძის მსგავსად (მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა), იყო მოდერნიზმის ადვოკატი და გაბატონებული არქაული წესწყობილების განმაქიქებელი. მწერალი ცხოვრობდა ჩინეთში ეპოქალური ცვლილების პერიოდში, როდესაც 1911 წლის რევოლუციამ დაამხო ცინგის დინასტია და მრავალსაუკუნოვანი ჩინეთის იმპერია შეიცვალა ჩინეთის რესპუბლიკით.

ა ქიუს წამოშობა ბუნდოვანია, ის თითქოს არქაული დროის შთამომავალი. ა ქიუ ცხოვრობს სოფელ ვეიჭუანგში, სადაც თავს დღიური მუშაობით ირჩენს. ის დასაცინია, მაგრამ არ არის სასაცილო ადამიანი, ის ნაღველით აივსება, მაგრამ არ არის ემპათიური სხვის მიმართ, ის ჩაგრავს თავისზე სუსტებს, მაგრამ ცახცახებს ძლიერის წინაშე, ის მიდრეკილია ყველა თავისი დამარცხება აქციოს გამარჯვებად, ოღონდ ფიქციურ, მოგონილ გამარჯვებად და ამით მიეცეს თვითტკბობას. ა ქიუს სჯერა, რომ მას მაღალი მორალური თვისებები აქვს, მაგრამ ეს თვითმოტყუებაა. მას სჯერა, უფრო სწორად აჯერებს თავს იმ გაბატონებული ღირებულებების უპირატესობაში, ზუსტად რომელთა წყალობითაც მას სიკვდილით დასჯიან.

ა ქიუ სიმბოლოა XX საუკუნის დასაწყისის ჩინეთის ჩამორჩენილობისა, მისი დამარცხებებისა ომებში, ჩინეთის მესამე სამყაროს კონტექსტისა. ა ქიუ, ისე როგორც მთელი მისი ქვეყანა, რაღაცას უნდა მოეპოტინოს, სხვაზე თავი უკეთესად ჩათვალოს, რომ მთელი სამყარო თავზე არ დაექცეს. როდესაც ა ქიუს გალახავენ - ავტორი წერს, რომ „ათი წამიც არ იყო გასული, რომ ა ქიუც, ასევე გამარჯვებული და მთელი არსებით კმაყოფილი, ტოვებდა ბრძოლის ველს“. რატომ იყო გამარჯვებული? საოცარი და დამაფიქრებელი ახსნა აქვს ამ ამბავს. ა ქიუ თავს თვლიდა „უპირველესად დამცირებულ-დაკნინებულთა შორის“ და ამ გამოთქმას მოაცილებდა „დამცირებულ-დაკნინებულის“ ეპითეტს და რჩებოდა „უპირველესი“. ის უცბად „უპირველესი“ ხდებოდა და ამით ძლევამოსილი მისძახოდა მოძალადეებს: „ჰოდა, აბა თქვენ ვინ მიყრიხართ?“. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თვითონაც ძალადობდა, როდესაც სუსტს ნახავდა და ამის საშუალება მიეცემოდა.

ავტორი ასევე გვანახებს, რომ ა ქიუს რეალურად არ შეუძლია სიახლეების და მოდერნიზაციის მიღება და მხოლოდ გარეგნული ნიშნების ცვლილებით შემოიფარგლება (მაგალითად, ნაწნავის შემალვა ქუდში).

სსუინის ფიქციურ ლიტერატურულ პერსონაჟს, ა ქიუს, აქვს მსგავსებები ლუარსაბ თათქარიძესთან. ილუზიებში ცხოვრება, საკუთარი თავის უსაფუძვლოდ განდიდება, სხვებზე უპირატესობის გრძნობა, კონსერვატიზმი, ახლის არმიღება. მიუხედავად სხვადასხვა სოციალური კონტექსტისა, ჩინელ და ქართველ პერსონაჟებს შორის მსგავსება თვალში საცემია. ჩინეთში ტერმინიც კი დამკვიდრდა - ა ქიუიზმი, მსგავსად ჩვენი „თათქარიძეობისა“. ილია ჭავჭავაძის და ლუ სსიუნსის პერსონაჟები მკითხველს აიძულებს დაფიქრდეს და ეცადოს მაქსიმალურად დაშორდეს ამ არქეტიპულ სახეებს, არ იყოს მისი მსგავსი.

„ა ქიუიზმი“ და „თათქარიძეობა“ კი სენია, რომლის არსებობა ყოველთვის და ყველგან ემუქრება ადამიანს.

ავტორი: ირაკლი ლაითაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები