"აა პლასტმა“ საქართველოში წარმოებული პოლიეთილენის პროდუქტები ექსპორტზე აშშ-ში გაიტანა. როგორც კომპანიის იურისტი, მელიტა ტყაბლაძე BM.GE-სთან ამბობს, პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კომპანია სამომავლოდ ექსპორტის ზრდას იმედოვნებს.
ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია "აა პლასტი" 2007 წელს დაარსდა. მის ძირითად მიმართულებას პოლიეთილენის და პოლიპროპილენის გადამუშავება წარმოადგენს და დღესდღეობით პროდუქტების ფართო ასორტიმენტი აქვს: ბიოდეგრადირებადი პარკები, პოლიეთილენის პროდუქტები, სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი პროდუქტები, კანალიზაციის მილები და ა.შ.
როგორც კომპანიის იურისტი ამბობს, პარკების კანონდარღვევით მწარმოებლებთან არაჯანსაღმა კონკურენციამ ცუდად იმოქმედა, რამაც კომპანიას ბიძგი მისცა ასორტიმენტი გაეფართოებინა.
"ჩვენი წარმოება დიდია, სამომხმარებლო პარკების გარდა, ვაწარმოებთ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის სასათბურე პარკებს, გადახურვებს, ნიადაგის პარკებს და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან არაჯანსაღ კონკურენციაში ვიყავით, ეს ცოტა რთული აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ, გავშალეთ წარმოების სფერო. ვაწარმოებთ წვეთოვან სისტემებს, ერთწლიანი წვეთოვანი მილებია, რომლებიც გლეხს საკმაოდ იაფი უჯდება და თავადვე შეუძლია დამონტაჟება. უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ და ძალიან დიდია მოთხოვნა. ამავდროულად, დავიწყეთ კანალიზაციის, წყლის მილების წარმოება.
პოლიეთილენის წარმოებას რაც შეეხება, რაც თავიდან "აა პლასტის" წარმმართველი სფერო იყო, ცვალებადია, ხან იკლებს ხან იმატებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის ხარჯზე რაღაც შეიცვლება. ექსპორტი ხორციელდება სომხეთში, ასევე აშშ-ში გავაფორმეთ რამდენიმე კონტრაქტი სამი თვის წინ. უკვე ჩავიდა პირველი პარტია და ძალიან კმაყოფილები არიან საქართველოში წარმოებული პროდუქციით. 20 ტონა, 40 ტონა, ჯერჯერობით ასეთი შეკვეთებია, ჯერ ეს სატესტო რეჟიმი იყო, გვაინტერესებდა როგორ მოწონებას დაიმსახურებდა საქართველოში წარმოებული პროდუქცია. როგორც იცით, ნედლეული, რომლითაც ვაწარმოებთ იმპორტირებულია, რადგან ადგილზე არ მოიპოვება. გვაინტერესებდა, თუ შევიდოდით კონკურენციაში ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც აქტიურად აწვდიან ამერიკას პოლიეთილენს და პოლიპროპილენს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხარისხი საკმაოდ მაღალია და ფასიც კონკურენტუნარიანია. გეგმებს რაც შეეხება, გვინდა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გავიტანოთ ექსპორტზე",- ამბობს "აა პლასტის" იურისტი.




























