თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ნოემბერში ახალი ქართული ნუგბარის მაღაზია „ჰანერია“ გაიხსნება - სივრცე, რომელიც მომხმარებელს თაფლისგან დამზადებულ ქართულ ტკბილეულს და ნუგბარს შესთავაზებს.
ობიექტის დამფუძნებელი, გვანცა დელიდი BM.GE-სთან ამბობს, რომ პროექტი მისი და დავით ალექსიძის პარტნიორობით ხორციელდება.
დელიდის თქმით, „ჰანერია“ უნიკალური კონცეფციით იმუშავებს, ვინაიდან მაღაზიის ყველა პროდუქტი თაფლზე იქნება დაფუძნებული: „მაღაზია იქნება თაფლის კონცეფციით - ყველაფერი, რაც თაფლს და ქართულ ნუგბარს ეხება. ვთანამშრომლობთ კომპანია „აგრიაპთან“, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონიდან იღებს თაფლს, ლაბორატორიულად ამოწმებს და შემდეგ ბრენდულ ობიექტებს აწვდის. სწორედ ამ თაფლს გამოვიყენებთ ჩვენც და „ჰანერიას“ ბრენდით შევთავაზებთ მომხმარებელს,“ - ამბობს დელიდი.
მისივე ინფორმაციით, მაღაზიის მიზანია ქართული წარმოების, მცირე ინდმეწარმეების მხარდაჭერა. „გვსურს, რომ ჩვენი სივრცე გახდეს პლატფორმა ახალგაზრდა თუ უკვე გამოცდილი ქართველი მწარმოებლებისთვის, რომლებიც თაფლის ბაზაზე ამზადებენ სხვადასხვა ტკბილეულს. მაგალითად, ნათია ყურშუბაძის “ფუსფუსი”, რომლის გოზინაყი განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისთანაც ვიმუშავებთ”, - აღნიშნავს დელიდი.
ინვესტიციის ოდენობა ჯერ არ არის დათვლილი, თუმცა დამფუძნებლის თქმით, ობიექტში 2-3 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.
„სურვილი გვაქვს, რომ ნოემბერში აუცილებლად გავხსნათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და ჩემი პარტნიორისთვისაც - ვიმედოვნებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და მომხმარებელს სიახლეს სასიამოვნო გარემოში შევთავაზებთ“, - ამბობს ის.




























