მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბაშის 24 სოფელში, წყალმომარაგება ფუნქციურად არ ევალება არც ერთ მუნიციპალურ სუბიექტს - აუდიტი

წყალი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აბაშის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემური პრობლემებია. კერძოდ, მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგებაზე არ არსებობს პასუხისმგებელი სუბიექტი. ამასთან, ზოგიერთ ადგილას სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება, ხოლო მოხმარებული წყლის გაწმენდა და ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტის 36 დასახლებული პუნქტიდან ქალაქ აბაშასა და 11 სოფელში (დაახლოებით 2 700 კომლი) წყლის მიწოდებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს. დანარჩენ 24 სოფელში (დაახლოებით 8 300 კომლი) წყალმომარაგება ფუნქციურად არ ევალება არც ერთ მუნიციპალურ სუბიექტს. მოსახლეობა იყენებს ჭებსა და წყაროებს, რომლებიც არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებითა და წყლის დაქლორვის საშუალებებით, ამიტომ წყლის ვარგისიანობა არ კონტროლდება.

პასუხისმგებელი პირების ინფორმაციით, 2022-2023 წლებში სასმელი წყლის ხარისხი ლაბორატორიულად მხოლოდ საბავშვო ბაღებში შემოწმდა და ნაწილში ნორმიდან გადახრები გამოვლინდა.

აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იქნება კომპლექსური ღონისძიებები მოსახლეობის უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები