ამერიკული ფარმაცევტული კომპანია AbbVie ანთებითი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელ Apogee Therapeutics-ს ყიდულობს, რისთვისაც ნაღდი ანგარიშსწორებით, სავარაუდოდ, 10.9 მილიარდ დოლარს გადაიხდის.
Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. საგულისხმოა, რომ გარიგების ფარგლებში Apogee Therapeutics-ის აქტივები 60%-იანი პრემიუმით შეფასდა, რაც კომპანიის მიერ ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებულ საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად აჭარბებს.
როგორც ირკვევა, დასახელებულ შესყიდვამდე კომპანია AbbVie-მ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან სისხლის იშვიათი კიბოს სამკურნალო პრეპარატ "პივეკიმაბ სუნირინზე" ნებართვა მოიპოვა. პარალელურად, გასულ თვეს Apogee Therapeutics-მა ფონდ Blackstone Life Sciences-ისგან ეგზემის საწინააღმდეგო წამყვანი მედიკამენტის კლინიკური გამოცდის ბოლო ფაზისა და შემდგომი კომერციალიზაციის მხარდასაჭერად 1.3 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დაფინანსება მოიზიდა.
ცნობისთვის, Apogee Therapeutics-ი წარმოადგენს ბიოტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც 2022 წელს დაფუძნდა და ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებების თერაპიული საშუალებების შექმნაზე მუშაობს.




























