მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აბრეშუმის გზა“ - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთო საბაჟოს აშენება იგეგმება

საქართველო

საქართველო და აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარზე საერთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოწყობის პროექტზე მუშაობენ, რომელიც დაახლოებით 5 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. 20 მლნ ევროს ღირებულების პროექტზე შეთანხმება მხარეებს შორის 2021 წელს შედგა, რომელიც ძალაში 2022 წელს შევიდა.

პროექტის დეტალებისა და მნიშვნელობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საერთო საბაჟო მოდელის სამუშაო ვერსიაზე მუშაობენ.

„ეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია და მხოლოდ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მშენებლობას არ გულისხმობს. აქ აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე თანმდევი ინფრასტრუქტურული ელემენტები. აქედან გამომდინარე, მხარეები არიან საბაჟოები, რომლებიც აკოორდინირებენ სამუშაოებს ყველა ეფექტურ უწყებებთან. ჩვენ შემთხვევაში საპატრულო და საბაჟო და სხვა სამართალდამცავი ორგანოები აზერბაიჯანის მხრიდან. სამუშაო ჯგუფები შექმნილია.

აზიის განვითარების ბანკს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდულარული დიზაინის შექმნა ვთხოვეთ. პირველადი ხელშეკრულების სამუშაო პროექტში, დევს სიტყვა ერთობლივი-გამშვები პუნქტი და ამ პუნქტს „აბრეშუმის გზა“ ჰქვია, მაგრამ მეორე საკითხია რა პროცედურებით უნდა განხორციელდეს პროცესი, რა პრინციპზე უნდა იყოს აგებული, როგორი უნდა იყოს ბიზნესპროცესი ორივე მხარეს, საბაჟოზე ერთად უნდა დავსხდეთ... ამაზე ერთგვარი დოკუმენტი შექმნილია და მისი განხილვა სამუშაო რეჟიმში მიდის. არსებული მდგომარეობით აზერბაიჯანი ერთ-ერთ მოდელს ითანხმებს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რომელიც მათ მოეწონებათ“, - განმარტავს სამსონ ურიდია.

შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი პროექტის ფინანსურ მხარეზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, ერთობლივი საბაჟოს ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მლნ ევროა და ქართული მხარის მუშაობით ევროკავშირმა პროექტისთვის 2 მლნ ევრო უკვე გამოყო. პარალელურად აზერბაიჯანის ხელისუფლება დონორების მოზიდვაზე მუშაობს.

„ჩვენ მივმართეთ ევროკავშირს, აშშ-ს... ევროკავშირმა გამოყო 2 მლნ ევრო. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით აუცილებელია დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც პროექტს მხარს ევროკავშირი დაუჭერს, რადგან მათი შენატანი საკმაოდ სოლიდურია და მათ ამ პროექტის დაგვირგვინება უნდათ. აზიის განვითარების ბანკსაც ვუთხარით, რომ მათი დაფინანსების მისაღებად მზად ვართ და შემდგომი პროექტი ამ ორი ორგანიზაციის მხარდაჭერა იქნება. გვაქვს სხვა პარტნიორების მხარდაჭერის იმედიც.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მლნ ევროა, რაც მოიცავს როგორც შენობა-ნაგებობას, ასევე საბაჟო გამშვები პუნქტებისთვის საჭირო დანადგარებს - სკანერები იქნება ეს თუ სხვა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები...

პროექტის განხორციელებისთვის 4-5 წელია საჭირო, რაც მოიცავს საძიებო, გეოლოგიურ, სამშენებლო სამუშაოებს. ამასთან ვცდილობთ ეს საკითხი აზერბაიჯანის მთავრობისთვისაც პრიორიტეტული იყოს“, - განმარტა სამსონ ურიდიამ.

BM.GE-სთან საუბრისას სამსონ ურიდია აზერბაიჯანთან ერთობლივი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ორი ქვეყნის გაერთიანებული ძალისხმევით საბაჟო პროცედურების დრო ამ წერტილში პროექტის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიზოგება.

„საბაჟო „აბრეშუმის გზის“ მთავარი არსი ის არის, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის გამშვები პუნქტების ორი წერტილი ერთი გაჩერების პრინციპად ვაქციოთ და ის დრო რაც გაჩერებაზე, შემოწმების პროცედურებსა და დოკუმენტების გადაწოდებაზე იხარჯებოდა იქცეს გაერთიანდეს, შედეგად ის ცნობილი 5 წუთი, რომელიც საქართველოში სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლა სჭირდება, იქცეს ორი ქვეყნის 5 წუთად, ამიტომაც ეწოდა პროექტს „აბრეშუმის გზა“, - ამბობს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები