მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბრეშუმის გზის ფორუმი და ფინტექ სამიტი – მთავრობა ღონისძიებების ორგანიზებაზე ₾2 მილიონს დახარჯავს

აბრეშუმის გზის ფორუმი

2025 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისი ორ საერთაშორისო ღონისძიებას – თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს და თბილისის ფინტექ სამიტს უმასპინძლებს. როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, ორივე ღონისძიების შეუფერხებლად და სწრაფად ჩატარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1,925,000 ლარის ღირებულების შესყიდვები გამარტივებული წესით განახორციელებს.

შესყიდვების მიზეზი განმარტებულია ღონისძიების "შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საჭიროებით", რაც ხელისუფლების თქმით, ტენდერის ჩატარებას შეუძლებელს ხდის. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფორუმისა და სამიტის ორგანიზება ისეთ მომსახურებებს მოითხოვს, რომლებიც ვერ ჯდება წინასწარ განსაზღვრულ სატენდერო აღწერაში.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მეხუთედ ტარდება. მასზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიება მოიცავს თემატურ პანელებს, რომლებიც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებს შეეხება.

პარალელურად, იმავე თარიღებში ტარდება თბილისის ფინტექ სამიტი, რომლის ორგანიზატორიც არის სინგაპურული კომპანია Global Finance & Technology Network Limited. თანაორგანიზატორები კი – საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო. სამიტს დაესწრება 2000-მდე მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საფინანსო სექტორიდან. აქცენტი გაკეთდება პანელურ დისკუსიებზე, ცოდნის გაზიარებასა და პარტნიორობის განვითარებაზე.

რაში იხარჯება თანხა?

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ჩამონათვალი მოიცავს:

  • სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებებს;

  • სპიკერებისა და მოდერატორების ჰონორარებს;

  • ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის უზრუნველყოფას;

  • სასტუმრო მომსახურებას;

  • ინტერნეტს, ტექნიკურ აღჭურვილობასა და ვიდეოტრანსლაციას;

  • დეკორაციასა და დიზაინერულ მომსახურებებს;

  • კვებით მომსახურებებს;

  • სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებებს.

“შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია, რადგან მონაწილეების სია და საჭიროებები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში. ასევე, მოყვანილია არგუმენტი, რომ საერთაშორისო დონის სპიკერებისა და მოდერატორების ჩართვა სტანდარტული ტენდერის გზით შეუძლებელია, რადგან ასეთ პროფესიონალებს "ტენდერში მონაწილეობა არ აინტერესებთ".

წინა აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველომ 2023 წელს უმასპინძლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები