მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბრეშუმის გზის ფორუმის გაშუქების ქრონიკები: ბიზნესმედია - გემოვნებით?

აბრეშუმის გზის ფორუმი

ელენე კვანჭილაშვილი, "ანალიტიკა", ავტორი და წამყვანი - ეს არის ჩემი ტიტრი. ტელევიზიის ენას და ლოგიკას ვინც იცნობს, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. თანმიმდევრობა შემთხვევითი არ არის - ჯერ ავტორი ვარ და შემდეგ, წამყვანი. ჩემი გადაცემის შინაარსზე პასუხისმგებელი ვარ მე. პროფესიის სტანდარტად კი ერთადერთ რამეს მივიჩნევ - კეთილსინდისიერებას.

GIPA-ში მისაღები გამოცდის დღიდან ასეა. მაშინ ვიფიქრე, რომ მკითხონ - რას უნდა ემსახურებოდეს კარგი ჟურნალისტი - რა ვუპასუხო მეთქი.

სამართლიანობა? ამისთვის სასამართლოა.

სიმართლე? მოკლე პერიოდში, სიმართლის დადგენა შეუძლებელია, ხოლო თუ ამის საჭიროება არ დგას - ისედაც სიმართლეა.

ფაქტები? ბალანსი? მოკლედ, ბევრი ვიფიქრე.

და ბოლოს, საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ ყველაზე მეტად არ მინდოდა ნახევრად სიმართლეების მიზანმიმართული გამავრცელებელი ვყოფილიყავი. ამას დავარქვი კეთილსინდისიერება. რაც მე ამ სიტყვის თარგმნაზე ვიწვალე მაშინ (გასაუბრება ამერიკელებთან ინგლისურად გვქონდა) - conscientiousness - ეს სიტყვა მომეწონა ყველაზე მეტად. დღემდე არ ვიცი, ეს ეს სიტყვა მართლა არსებობს თუ არა და ამ პასუხზე რა იფიქრეს - თუმცა, ჩავირიცხე და საუკეთესო წელიც გავატარე.

მას მერე ჩემი სტანდარტი კეთილსინდისიერებაა. ამის მიღწევა ბოლო დროს საკმაოდ რთულდება. და არა იმიტომ, რომ მე ვღალატობ საკუთარ პრინციპს. არა - იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს ლაპარაკი ეზარებათ. დიახ, ეზარებათ - აბა, სხვა რით შეიძლება ავხსნა ის ფაქტი, რომ გარბიან, იმალებიან, ინფორმაციას ზღუდავენ, შეთანხმებულზე უარს ამბობენ და ა.შ.? ჩემი ეშინიათ? მე საშიში არ ვარ. კითხვები მაქვს და სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერებ, რომ საქმის გამკეთებელმა საქმეზე პასუხი ვერ იპოვოს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2023 ჩემი კეთილსინდისიერებისთვის ნამდვილი გამოცდა გამოდგა. მთელი სამი დღე გადაბმულად ვითხოვდი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, გენადი არველაძეს BMGTV-ისთვისაც გამოეყო დრო და "ანალიტიკა"-ს სტუმრობას დათანხმებოდა.

მთავრობის სტრატკომის პოზიცია ასეთ დროს ასეთია - ბოლო წუთამდე არც ჰო-ს გეუბნებიან, არც - არას. ამ შემთხვევაში ჩავთვალე, რომ სიტუაცია მართლაც შეიძლებოდა ორაზროვანი ყოფილიყო - 2000-მდე დელეგატი 60-მდე ქვეყნიდან და 200-ზე მეტი B2B შეხვედრა - ყველა ფოტოზე, რომელსაც სამინისტრო ბოლო დღეებში აქტიურად ავრცელებდა, გენადი არველაძე ამ ფორუმის მთავარ ორგანიზატორად იყო წარმოჩენილი: ეკონომიკის მინისტრიც კი ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე მივიდა და დაათვალიერა - მიყვარს ჩვენში შემორჩენილი ეს საბჭოთა ტრადიცია, დათვალიერება რომ საქმედ ითვლება.

ფორუმის დღეს ადგილიდან ვმუშაობდი. არ მჯერა ჟურნალისტის, რომელიც მხოლოდ ეთერში ზის და სუფლიორიდან ტექსტს კითხულობს. ასე მგონია, გარეთ სტუდია ერთ-ერთი ყველაზე აზარტული მომენტია ჩემს პროფესიაში. სტუდიის ტექნიკურად სრულყოფილად გამართვა გვინდოდა, მაგრამ უარი გვითხრეს. თუმცა, ოთახი მაინც დავიმარტოხელე და სახელდახელო სტუდიად ვაქციე. ზოგჯერ წესები უნდა დაარღვიო, რომ მთავარი წესი დაიცვა.

მოკლედ, ადგილზე მუშაობის და მთავრობის სტრატკომის შეუსაბამოდ ბევრი პიარისთვის მუდმივი შეხსენების მიუხედავად, რომ გენადი არველაძესთან ინტერვიუსთვის ჩემთვისაც გამოეყოთ დრო - მეორე დღის ბოლოსკენ გასაგები გახდა, რომ მინისტრის მოადგილე ჩემთან საუბარს არც აპირებდა. არც მოქალაქე, არც ჟურნალისტი არ გამითვალისწინა.

სამაგიეროდ, ჩემს ცხვირწინ, "იმედთან" ჩართვაზე დაბარებულივით გამოცხადდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გავბრაზდი. ჯერ ჩართული კამერები დავახვედრე, იქნებ, შერცხვეს-მეთქი - თუმცა აშკარად არ შერცხვა. მერე ოთახის კარებთან ჩემს ოპერატორთან ერთად დავდექი და დაველოდე. უნდა გენახათ, იქ რა მოხდა. სულ სათითაოდ მოგროვდნენ მთავრობის სტრატკომის შეუსაბამოდ ბევრი პიარები.

- აქ რატომ დგახარ??

- ბატონ გენადის უნდა მივესალმო.

- აქ ვერ დადგები.

- რატი, გთხოვ, კამერა ჩართე - ღიმილით მივუბრუნდი ჩემს ოპერატორს.

მერე დაიწყეს ჩართვის ოთახში შესვლა. წამის მეასედში მომეჩვენა, რომ ოთახის ფართობი ოდნავ გაიზარდა კიდეც. ალბათ, უკვე ძალიან გადაღლილი ვიყავი. თვალები მოვიფშვნიტე და თან ჩართვის ოთახის წინ მდგომი ვფიქრობდი, როგორ აპირებდნენ გენადი არველაძის დახსნას - ფილმის კადრებიც კი გამახსენდა: კამერას ხელს რომ აფარებენ; ან თავზე გადაფარებული საჩქაროდ რომ გაჰყავთ ან, ან, ან...

ამ ფიქრებიდან ჩართვის ოთახის კარის გაღებამ გამომაფხიზლა. ბ-ნი გენადი მოკლე კომენტარს მოგცემთ - მთავრობის სტრატკომის რომელიღაც თანამშრომელმა მითხრა. smart choice - რატომღაც ინგლისურად გავიფიქრე და გამეღიმა. არც იმას დაგიმალავთ, თავში იმ აზრმაც გამიელვა, რატის ვთხოვ, კამერა გამორთოს და მართლა უბრალოდ მივესალმები-მეთქი, მაგრამ ჩემი პრინციპი გამახსენდა - კეთილსინდისიერება და ასე დავუსვი ბ-ნ გენადის 1 შეკითხვა.

გავითვალისწინე მოქალაქე და თქვენ წარმოიდგინეთ, თავად სტრატკომი. გული კი ისევ ძველებურად დამწყდა. სულ ბოლოს ADB-ის წლიურ შეხვედრაზე ვიყავი სამხრეთ კორეაში. ყველა სესია არც იქ იყო ღია და ჟურნალისტებს ყველგან არც იქ უშვებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა საჭირო ინტერვიუს ვწერდით, ყველაფრით გვეხმარებოდნენ, რომ სრულყოფილად გაგვეშუქებინა ყველა დეტალი, რომელიც გვაინტერესებდა, მაქსიმალურად ზუსტი სურათი შეგვექმნა და რაც შეიძლება ბევრი თემა აგვეწია, რომ ADB-ის წლიური შეხვედრა მედიის დღის წესრიგის განმსაზღვრელი ყოფილიყო იმ დღეს, იმ კვირას.

და აქ? სპორადულად, უსისტემოდ, ბრტყელ ბანერთან მოყვანილი რესპოდენტები; ყველაზე ხშირი ფრაზით - 'მხოლოდ ღონისძიებაზე, მოკლედ'. ჩემით დაგეგმილი ინტერვიუებისთვისაც კი არ იყო ოთახი, რომ კამერები გაგვემართა და რესპოდენტებს ორგანიზებულები დავხვედროდით.

ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი; EBRD-ის რეგიონალური წარმომადგენელი - ჩემთან ერთად ეძებდნენ ადგილს, სადაც ინტერვიუს სიმშვიდეში და თვალისთვის მისაღებ სივრცეში ჩავწერდით. სულ იმას ვფიქრობდი - რა რანგის ადამიანები უნდა იყვნენ ამ ქვეყნის მთავარი დამფინანსებელი ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომ მთავრობის სტრატკომს მათთვის სივრცე გამოეყო? ჩემთვის არა - მათთვის. სხვისი გათვალისწინების კულტურა - ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება - მაგრამ სად არის?!

გადაცემა ეთერში გავიდა. თქვენ უკეთ შეაფასებთ, მაგრამ ჩემს თავთან მართლად ვგრძნობ თავს: "ანალიტიკა"-მ კეთილსინდისიერების გამოცდა ისევ ჩააბარა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაივიწყა მთავარი - საკუთარი ანგარიშვალდებულება ყველას მიმართ, თანაბრად.

როდემდე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები