მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმე პროდუქტზე ფასს არ გაზრდიდა, თუ ქსელთან სამართლიანი ურთიერთობები ექნებოდა - ბექა ნაცვლიშვილი

644e23ed08f1d
მარიამ იზორია
30.04.23 19:40
629
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, ევროდირექტივის შესაბამისად, კანონპროექტს ამზადებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 20 თებერვალს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სწორედ მაშინ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის დრაფტი მზად არის და განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

"სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი ბექა ნაცვლიშვილი გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში აღნიშნავს, რომ მთავრობას კანონპროექტის ვერსია გაუგზავნეს, შემდგომ კი მთავრობამ თავიანთი ვერსია შეიმუშავა, რომელსაც "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი" არ ეთანხმება.

ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, მთავრობის მიერ შემუშავებულ ე.წ „დრაფტში“ მოკვლევის საფუძველზე გამოკვეთილი პუნქტები გათვალისწინებული არ არის, ან ისე არის გათვალისწინებული, რომ ის შედეგის მომტანი არ იქნება.

ნაცვლიშვილი იმასაც ამბობს, რომ ვერსიაში სუპერმარკეტების მხრიდან არც მეწარმეებისთვის გადახდის ვადებია გათვალისწინებული, რაც მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

„მე მაქვს განცდა, რომ მთავრობა ესაუბრა უფრო მეტად ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, ვიდრე მეწარმეებს, რადგან მეწარმეების წუხილი სულ სხვა მიმართულებით მიდის. გვაქვს განცდა, რომ ისინი მთავრობის მიერ შემუშავებულ ვერსიაში ასახული არ არის.

რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა? - ეს არის გადახდის ვადები. მეწარმეები დამოკიდებულნი არიან იმ თანხაზე, რომელიც ქსელმა უნდა გადაუხადოს. როდესაც ქსელი აგვიანებს თანხის გადახდას, მეწარმე იძულებულია წარმოება გააჩეროს ან ძვირადღირებული სესხი აიღოს.

ჩვენი მთავარი მოტივაცია გადახდის ვადების დარეგულირება იყო. შემოთავაზებულ ვარიანტში გადახდის ვადების ჩვენეული ხედვა არ არის გათვალისწინებული. ეს არც კომპრომისული ვარიანტია, რადგან არაფერს შეცვლის. ვერსიაში მოცემულია ასეთი ვადა, რომ ანაზღაურება დადგინდეს გაყიდვიდან 30 დღის განმავლობაში, რაც არაფრის მომცემი არ არის, რადგან მსგავსი პრაქტიკა ისედაც არსებობს. ასევე მთავარია, რომ არა გაყიდვიდან იყოს ვადის ათვლა, არამედ პროდუქტის შეტანიდან. მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში ანაზღაურება 20 დღის განმავლობაში მოხდეს, არამალფუჭებადის შემთხვევაში 30 დღეში. თუ ანაზღაურება მოხდება პროდუქტის გაყიდვიდან შემდგომ, ასე პრობლემა გაუჩნდება როგორც მეწარმეს, ასევე სუპერმარკეტს, რომელმაც ბუღალტერია უნდა აწარმოოს.

გათვალისწინებული არ არის არც შესვლის გადასახადი. ჩვენ შესვლის გადასახადის გაუქმება გვინდოდა, რადგან ის არაფერზე არ არის მიბმული. სუპერმარკეტში, როცა შეგაქვს პროდუქტი, ის გაგიყიდის თუ არა ამ პროდუქტს, შესვლის გადასახადს მაინც გახდევინებს.

ვერსიაში არაფერი არ არის ნათქვამი ჯარიმებზე. აღმასრულებელი ორგანო მაშინაც იყო კონკურენციის სააგენტო, თუმცა როგორი უნდა იყოს საზღაური ამ დრაფტში ჯერჯერობით არ ჩანს“ - აცხადებს "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი.

ბექა ნაცვლიშვილი გადაცემა „ანალიტიკაში“ კანონის მიზანზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, მისი მიზანია ყველა რისკი მხოლოდ მეწარმეს არ დაეკისროს.

„კანონის მიზანია ის ფინანსური რისკები, რაც არსებობს ბიზნესში, ცალსახად არ იყოს დაკისრებული მცირე მეწარმეებზე, ეს არასამართლიანია. მეორე - ფულმა იბრუნოს მეწარმისთვისაც. ფული დღეს ბრუნავს მხოლოდ სუპერმარკეტისთვის. სუპერმარკეტი მეწარმისგან ფულს აიღებს, მერე მეწარმის ფულით წავა და ახალ ფილიალს გახსნის, მას უგვიანებს შემდგომში ამ ფულის გადახდას“ - განმარტავს ის.

კითხვაზე თუ როგორ უნდა მოახდინოს ამ კანონმა ბაზარზე ფასების რეგულირება, "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი ასე პასუხობს:

„ფასების რეგულირება, ფასების შემცირება შესაძლოა კანონის ირიბი ეფექტი იყოს. მეწარმეს, როდესაც შეაქვს დღეს პროდუქტი, ის ფიქრობს, რომ სუპერმარკეტი მას არაკეთილსინდისიერად ექცევა და თავის მოგებას აზღვევს და როდესაც ამას აკეთებს, მეწარმე ზრდის შესატან ფასს. გამოკითხვა, რომ ჩავატარეთ ის 15-20%, რომლითაც მეწარმე ზრდის ფასს, შესაძლოა მას საერთოდ არ დაედგინა, თუ ქსელთან სამართლიანი ურთიერთობები ექნებოდა. შესაბამისად, თუ მეწარმე იქნება სამართლიან პირობებში ის ფასს არ გაზრდის, პროდუქტის ღირებულება კი დარეგულირდება“ - აღნიშნავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები