თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განმარტა, რომ ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა, როდესაც მუნიციპალიტეტის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ კაფეში ყავის საყიდლად შევიდა.
კალაძის თქმით, ბლოგერმა მას აუხსნა, რომ თბილისზე აკეთებდა სიუჟეტებს, რის შემდეგაც დედაქალაქის მერმა მის შეკითხვებს უპასუხა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებსა თუ ტურისტულ პოტენციალს გაუსვა ხაზი.
„არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“, - განაცხადა კახა კალაძე.
კითხვაზე, თუ რატომ გაამახვილა ყურადღება ინტერვიუში ქართულ სამზარეულოზე, კალაძემ აღნიშნა, რომ შეკითხვა სტუმართმასპინძლობას ეხებოდა.
„შეკითხვა შეეხებოდა სტუმარმასპინძლობას და მეც ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო და ამიტომ აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ინტერესი. მათ შორის ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ადათ-წესების ნაწილი“, - განაცხადა კახა აკალძემ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი გამოეხმაურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარს ეხებოდა. კალაძის მტკიცებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით „ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას“.
მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება ეფუძნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციას, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი:
8 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალი დაბომბა, რის შემდეგაც კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ხოლო 8 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა. კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმიც გამოეხმაურა. მათ აღნიშნეს, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ „სააკაშვილის რეჟიმს“, არამედ მთლიანად საქართველოს უნდა დაეკისროს.




























