"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მის მიერ პარტიის დატოვებაზე გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. მან ამის შესახებ "კურიერთან" განაცხადა.
ღარიბაშვილმა ასევე ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში.
"მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას და ბრალდებებს, ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ბოლო დღეების განმავლობაში. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, ამ ფონზე თითქოს მე პარტია დავტოვე - ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. მეუხერხულება, ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება რომ ექიმთან მივიდეს, რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, შეჯამების სახით რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.