ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია UBER-მა, რომელიც ურბანული გადაადგილების მიმართულებით ერთ-ერთი გლობალური ლიდერია, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა ფართოვდება. ამიერიდან, UBER-ის თვითმართვადი ტაქსების გამოყენება აბუ-დაბის მოსახლეობას შეუძლია, სადაც ამერიკული კომპანია ჩინურ WeRide-თან პარტნიორობით ოპერირებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში UBER-ის ავტონომიური ტაქსის გამოძახება უკვე შეიძლება, მაგრამ ამ ტექნოლოგიის მოცვის არეალი, ჯერჯერობით, შეზღუდულია. აბუ-დაბის ტერიტორიაზე ეს სერვისი სრულად მომავალ წელს ამოქმედდება.
თვითმართვადი ტაქსების ტექნოლოგიაზე არაერთი კომპანია მუშაობს, მათ შორისაა Alphabet-ის შვილობილი Waymo და ელექტრომობილების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი Tesla. თუმცა ზემოხსენებული კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ თვითმართვად ტექნოლოგიას თავად ავითარებენ, UBER-მა ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიებთან პარტნიორობის გზა აირჩია, რა დროსაც თანამშრომლობის მეორე მხარეს მყოფ კომპანიას საკუთარ ქსელს და ბრენდს სთავაზობს.
მანამ, სანამ UBER-ი ამ ინფორმაციას გაავრცელებდა, ცნობილი გახდა სიახლე იმის შესახებ, რომ UBER-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი Waymo 2026 წლიდან რობოტაქსის სერვისს მაიამიში აამოქმედებდა. სიახლის გავრცელების შემდეგ UBER-ის აქციების ფასმა 9.6%-ით იკლო. დღეს, UBER-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $137 მილიარდს აღემატება. UBER-თან ერთად, ასევე მკვეთრად იკლო Lyft-ის აქციების ფასმა, რომელიც მომხმარებელს ფაქტობრივად ანალოგიურ სერვისს სთავაზობს.