მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარ ენერჯი“ ქარის ხუთ და მზის ერთ სადგურს ააშენებს, ინვესტიცია $460 მილიონია - "ოცნების" მთავრობა

მთავრობა

Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში დაახლოებით 360 მგვტ დადგმული სიმძლავრეა.

მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში არ წერია სად და რა პერიოდში იგეგმება სადგურების მშენებლობა. ასევე, რა სტატუსი აქვს ინვესტორთან მოლაპარაკებებს.

"როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ Achar Energy-Eksim Holding-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის დიდი საინვესტიციო პოტენციალი და ის ხელშეწყობა, რომელიც ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობისგან აქვთ, საქართველოს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის.

უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებას კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ საქართველოში ბოლო წლებია წარმატებით ოპერირებს და ორი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე განახორციელა", - ვკითხულობთ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო წლებია მთავრობა აქტიურად საუბრობს ქარისა და მზის პროექტების განვითარებაზე, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ასეთი პროექტი არ განხორციელებულა. საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ჩართულია მხოლოდ ერთი მცირე ზომის 21-მეგავატიანი ქარის სადგური, მზის სადგური კი ჯერჯერობით არ გააჩნია.

“აჭარ ენერჯი” აჭარის რეგიონში ფლობს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე 2012 წელს დაიწყო სადგურების მშენებლობა. ხელვაჩაური ჰესი 1, რომლის დადგმული სიმძლავრე 47 მგვტ-ია, 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო კირნათი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 51 მგვტ, 2018 წელს ამუშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები