მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა მოეწყობა - პროექტის ღირებულება ₾1.5 მილიონია

633ee9e1a9a8a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.22 18:48
844

აჭარაში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტს სახელმწიფო ხეობაში საცხენოსნო ტურიზმისა და ზოგადად ცხენოსნობის განვითარების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარამდე გამოიყოფა.

როგორც BM.GE-ს უწყებაში უთხრეს პროექტის განხორციელებისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებისთვის ტენდერი გამოცხადდა, რისთვისაც 37 500 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება პროექტის

პროექტი გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობას შემდეგ წელს გეგმავს.

„ღორჯომის ხეობას საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს. ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად.

საცხენოსნო ინფრასტრუქტურის განხორციელებისთვის ტენდერი 2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება და პროექტის შესრულება ეტაპობრივად იგეგმება.

საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ პროექტი ადგილობრივებს გადაამზადებს და დაასაქმებს. მოხდება ცხენების შერჩევა და მოვლა-პატრონობა. ამასთან, ეს ღორჯომის ხეობის მკვიდრებს ცხენოსნობის განვითარების სტიმულს მისცემს და ტურიზმს განავითარებს“, - განმარტა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.


უნდა აღინიშნოს, რომ საპროექტო დოკუმენტაციის ტენდერში მიმდინარე წლის მარტში კომპანია „მეტრო მეფმა“ გაიმარჯვა და სწორედ მათ სააგენტოსთან თანამშრომლობით დააპროექტეს საცხენოსნო ინფრასტრუქტურა.

„მეტრო მეფ“-მა ტურისტული პროდუქტების სააგენტოსთან ერთად კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ლოკაციის შერჩევაში და საბოლოოდ მის მიერ შეთავაზებული იქნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კონცეპტუალური ხედვით შექმნილი პროექტი, რომელმაც არა მხოლოდ ცალკეული საცხენოსნო ინფრასტრუქტურა, არამედ მთლიანი კონცეფცია - საცხენოსნო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა მათ შორის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ასპექტი გააერთიანა.



კომპანიის მიერ შემუშავებული კონცეფცია შედგება ორი ერთეული საჯინიბოსაგან, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება მცირე მანეჟის საშუალებით და ერთი დიდი ზომის მანეჟისაგან, რომლის ტრიბუნაც გათვლილია 364 მაყურებელზე, სადაც შესაძლებელია, როგორც საცხენოსნო მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის ღონისძიებების, ასევე სხვადასხვა კულტურული თუ სოციალური აქტივობების ჩატარება.

ღორჯომის ხეობის უნიკალური ბუნებისა და ხედების აღქმის მიზნით საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მიმდებარედ დაპროექტდა ბელვედერი. ტურიზმის განვითარების და ტურისტული ნაკადების მართვის მიზნით პროექტმა აგრეთვე მოიცვა შეიქმნა კოტეჯების არსებობის შესაძლებლობა, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. კომპლექსი ასევე უზრუნველყოფილია 45 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცით.

პროექტის ტურისტული მიზნების სრულყოფისა და პროექტის მრავალფეროვნებისათვის წრიული და ცალმხრივი საცხენოსნო ბილიკები შემუშავდა, რომელთა საერთო სიგრძე 15 400 მეტრს შეადგენს“, - უთხრეს BM.GE-ის „მეტრო მეფში“.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები