"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, აჭარის "ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შტაბის მიზანია ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად აღება, დაბინავება და რეალიზაცია. სონღულაშვილი ქობულეთში მეციტრუსე ფერმერებსაც შეხვდა და მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მოისმინა.
„წელს ციტრუსის დიდ მოსავალს ველოდებით. ნომერ პირველი ამოცანაა მოსავლის ორგანიზებულად დაბინავება. ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მნიშვნელოვანია, შტაბმა ეფექტიანად იმუშაოს და ყველა წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული (სამრეწველო გადამუშავების) მანდარინის სუბსიდია 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი გადამმუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40-თეთრიან ფასს განსაზღვრავს.
საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე ციტრუსის მოსავალი 60–65 ათას ტონას მიაღწევს. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 1501, სადაც ფერმერებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.




























