თიბისი კაპიტალის პროგნოზი აჭარაში ტურიზმის სექტორის მიმართ დადებითია. მათი მოლოდინით, 2022 წელს აჭარაში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებლის 75%-ს მიაღწევს. ზაფხულის სეზონზე, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს - 85%-ის ფარგლებში.
„2022 წელს საშუალო დატვირთულობა სასტუმროებში 65%-ს მიაღწევს, ხოლო ზაფხულის სეზონზე 80%-ს ფარგლებში იქნება. მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი, ბრენდულ სასტუმროებში, ზაფხულის პერიოდში 130-140 აშშ დოლარია, ხოლო 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი $95 მიაღწევს“, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 173 000 შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტლის 69%-ია. აღსანიშნავია, რომ იგივე მაჩვენებელი თბილისისთვის 46%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ აჭარაში ტურიზმი უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს, ვიდრე თბილისში.




























