აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყება ჩამოყალიბდება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.
აღნიშნული ცვლილება აისახება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და მისი განხილვა საკომიტეტო დონეზე დაიწყო.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში 2025 წელს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სამინისტრო გაიყოფა ორ დამოუკიდებელ სტრუქტურად. განათლებისა და სპორტის მიმართულებით არსებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა ახლად შექმნილ განათლებისა და სპორტის სამინისტროს.
განმარტებით ბარათში წერია, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედ კანონში უწყების დასახელება ძველი რედაქციით იყო შენარჩუნებული, რის გამოც საჭირო გახდა კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ახალ ინსტიტუციურ სტრუქტურასთან.
კანონპროექტის თანახმად, უწყების დასახელება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ ჩანაცვლდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროთი“.
ცვლილება შეეხება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რესურსცენტრის უფროსსა და მის მოადგილეს.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ დასახელება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“ შეიცვლება და ჩამოყალიბდება როგორც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“.
ასევე, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების ნაწილში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ ნაცვლად მიეთითება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო“.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებებს ტექნიკური ხასიათი აქვს და გავლენა არ ექნება ბიუჯეტზე.
კანონპროექტის ინიციატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ხოლო ავტორი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე განიხილა პარლამენტის კულტურის კომიტეტმა და მას მხარი დაუჭირა. საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა ორ უწყებად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროდ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროდ.
ამავე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად, ასევე განიხილეს საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი და კენჭი უყარეს საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას.



























