მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებს დახმარებას უზრდის

აჭარა

აჭარის მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების ოჯახებს გაზრდილ მატერიალურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალთა საერთაშორისო და დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021წწ) დროს დაღუპულ, ასევე, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების დაფინანსების ბიუჯეტი 62,5%-ით, კერძოდ 322,000 ლარით გაიზარდა.

"ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარება ომის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის გაიზარდა. შესაბამისად, წელს, მათ 5000-ლარიანი დახმარება გაეწევათ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაღუპული გმირების ოჯახებსაც შესაბამისად, გაეზარდათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ - აცხადებს რიჟვაძე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 515,000 ლარს შეადგენს. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდება, ხოლო აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრების ოჯახებს - თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გაფართოვდა ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს შესაძლებლობა პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

"მოგეხსენებათ, რომ უშვილობის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და წელს, ამ პროგრამის ფარგლებში 16 ახალშობილი დაიბადა. შშმ პირები, ნაცვლად 18 წლისა - 25 წლამდე პრაქტიკულად სრულად უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ, ასევე გაორმაგდება, გაიზრდება ძალადობის მსხვერპლი პირების, მათი ოჯახების მხარდაჭერა. ამასთან, გაიზრდება ახალშობილი ტყუპების დაფინანსება,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები