აჭარის მთავრობამ ₾4.1 მლნ გამოყო 317 სოფლის ინფრასტრუქტურისთვის.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს 4 194 000 ლარი გადაეცემათ. პროგრამის ფარგლებში, 317 სოფელში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობის პროექტები.
აღნიშნული პროგრამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"აქტიურად ვიწყებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას. ამ მიმართულებით 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტები. თითოეულ სოფელში, 317 სოფელს მოიცავს აღნიშნული პროგრამა. განხორციელდება როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი სისტემების, საირიგაციო, სამელიორაციო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწესრიგება, ახალი სკვერები დაემატება სოფლებს. ასევე დაგეგმილია ახალი წისქვილების მშენებლობა. ამ მიმართულებით 5 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, დაიხარჯება 4 მლნ ლარზე მეტი“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახლო მომავალში დაიგეგმება საგაზაფხულო სამუშაოები, გატარდება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, განხორციელდება მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა.