აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში მდებარე 13,147 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზებას გეგმავს. ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი 4.9 მილიონი ლარია, რაც მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 372.3 ლარს შეადგენს ერთ კვადრატულ მეტრზე.
ელექტრონული აუქციონი 10 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. ქონების განმკარგავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.
გასაყიდად გამოტანილი ობიექტი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩა N25-ში. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 2,508.53 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა-ნაგებობა.
აუქციონის საწყისი ფასი 4,900,000 ლარია, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 125,000 ლარით არის განსაზღვრული. მონაწილეობის საგარანტიო თანხა საწყისი ღირებულების 25%-ს შეადგენს - 1.2 მილიონ ლარს.
პირობიანი პრივატიზაციის ფარგლებში, გამარჯვებულმა ინვესტორმა ქონების შეძენის შემდეგ კონკრეტული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. კერძოდ, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში მიიღოს აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაშვები ობიექტის მშენებლობის ნებართვა, ხოლო 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში მიიღოს.
ამასთან, აუქციონის პირობებით, პროექტში მინიმუმ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
გამარჯვებულს ასევე მოეთხოვება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში წარმოადგინოს არანაკლებ 200 ათასი ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ ორი თვით.
ქონების საფასურის გადახდა ორ ეტაპად არის განსაზღვრული — მყიდველმა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა გადაიხადოს საბოლოო საპრივატიზაციო საფასურის მინიმუმ 30%, ხოლო დარჩენილი თანხა 2026 წლის 1 დეკემბრამდე.
აუქციონზე გამარჯვებული გამოვლინდება იმ მონაწილე, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. საბოლოო შეთავაზება უნდა აღემატებოდეს საწყის საპრივატიზაციო საფასურს მინიმუმ ერთი ბიჯის ოდენობით.





























