NCDC-ის მონაცემებით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მინიმუმ 1 დოზით 984,595 ადამიანი არის აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის 26.4%-ია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 12,562 ვაქცინაცია ჩატარდა, თუმცა შემცირებულია პირველადი აცრების რაოდენობა და გუშინ ჩატარებული აცრების ⅔ მეორადი ვაქცინაცია იყო.
არსებული მდგომარეობით, ყველაზე მეტი აცრა კვლავ დედაქალაქში კეთდება. NCDC-ის უკანასკნელი სტატისტიკით, რაც 26 სექტემბრით თარიღდება, თბილისში მინიმუმ 1 დოზით 481,988 ადამიანი იყო აცრილი. აცრების მხრივ, მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთი არიან. მართალია ეს სტატისტიკა უშუალოდ კონკრეტულ ჩატარებულ აცრას ასახავს და აცრილი ადამიანების ნაწილი შესაძლოა სხვა რეგიონის მაცხოვრებელი იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, კონკრეტულ რეგიონში აცრილთა დიდი ნაწილი ამავე რეგიონის რეზიდენტია.
თბილისში ვაქცინაციის შედარებით მაღალი მაჩვენებლის მიზეზი შესაძლოა ამცრელი პუნქტების სიახლოვე, ასევე შედარებით უკეთესი საინფორმაციო კამპანია იყოს.