მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანი კერძო დაზღვევის არჩევისთვის ისჯება, რაც უსამართლობაა - "არდი" ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების საჭიროებაზე

არდი

გამოდის, რომ ადამიანი კერძო დაზღვევის არჩევისთვის და საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებისთვის ისჯება - ასე აფასებენ სადაზღვევო კომპანია „არდიში“ ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კერძო დაზღვევით სარგებლობისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება.

როგორც „არდის“ გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარებისთვის დამატებითი სტიმულები შექმნას.

მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ და ინდუსტრიის რამდენიმე ინიციატივა გააცნეს. მისი თქმით, მათ შორის საუბარი შეეხო ე.წ. დაშენებული პაკეტების შემოღებას, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივას.

მისი თქმით, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეულ წამახალისებელ სტიმულებს შექმნის, ეს როგორც კერძო ჯანმრთელობის ბაზარს დამატებით განავითარებს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს დაზოგავს.

„აუცილებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სადაზღვევო სექტორის სინერგია მოხდეს, საბოლოო ჯამში ამ სინერგიით ბევრი ეფექტის მიღება შეიძლება. კერძო კომპანიები სახელმწიფოს კონკურენტები არ არიან, ისინი ერთმანეთს ავსებენ და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა გაზიარებული იქნება. ადამიანი თუ კერძო დაზღვევას აირჩევს და საკუთარი ჯიბიდან იხდის, გამოდის რომ ის შემდეგ ისჯება. არ მგონია, რომ ეს სამართლიანი მიდგომაა, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს, რომ მოქალაქეებს ერთდროულად ჰქონდეთ სახელმწიფო და კერძო დაზღვევა.

ასევე წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამედიცინო დაზღვევის პაკეტები საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს. კერძო კომპანიების უდიდესი ნაწილი ისედაც ყიდულობს დასაქმებულებისთვის დაზღვევას და მათთვის ეს ახალი არ იქნება. აქედან ბიუჯეტისთვის ფისკალური დანაკარგი ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ის ბენეფიტი, რაც საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დაზოგვის მიმართულებით იქნება. უფრო მეტი სტიმული შეიქმნება, რომ ადამიანებმა კერძო დაზღვევით ისარგებლონ და ამგვარად თავად ინდუსტრიაც გაიზრდება“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ამჟამად კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 20% სარგებლობს, 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. პირველი კვარტალის მონაცემებით, კომპანიებს ჯამში 731 140 სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პაკეტი აქვთ გაცემული. წლიურად გაცემული პაკეტების რაოდენობა 21,070-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები